სიმღერა
სადღეისო სიმღერა
დათვსა ვცემეთ უღმერთოდა,
„მოვკალითო!“ დავიძახეთ.
აღარ ჰსუნთქავს, თვალებს ჰხუჭავს,
გატყავება განვიზრახეთ.
დანებს ვლესავთ სათითაოდ
და თან ვჩხუბობთ იმაზედა,
ვის რა ნაჭერი გვერგება
წასაღებად ბინაზედა.
ერთი ამბობს: „მე მოვკალი,
ჩემი მოჰხვდა ნასროლიო,
ნახევარი მე მერგება,
ზედ ტყავ-გამონაყოლიო“.
სხვა იძახის: „მე ავაგდე,
წვრილიანში ნაწოლიო“.
მესამემ სთქვა: „მე გასწავლეთ,
კაცნო, დათვის საწოლიო.
სულ ჩემია, სწორედ რომ ვსთქვათ,
თუ სადმეა სამართალი.
დამიმადლეთ, თუ მოგეცით
ცოტა ხორცის ანათალი“.
არ ვიცი, თუ რას ვიზამდით,
გატყავება რომ დაგვცლოდა.
ეხლა რა ვსთქვა? ვერას ვიტყვი,
იმას მხოლოდ ბოლო სცნობდა.
შევუდექით ტყავებასა,
გადვუსერეთ თათთან ფეხი…
ეს რა მოხდა? რასა ვხედავთ?
თავს დაგვატყდა ყველას მეხი!
გაიჩმუჩნა დავით-ბიძა,
ატორტმანდა, ყალხზე შადგა.
თქვენს მტერს ის დღე და ვაება,
რა წამების ჟამიც დადგა:
შემოგვხედა ალმაცერად,
თან თვალები დაგვაცეცა,
მოგვაყოლა ტორი ტორზე
ისე, თითქოს ჰქუხდა ზეცა;
დაგვსახიჩრა, დაგვამტვრია,
ჩვენს ფიქრს ფრთები შაეკვეცა,
და ვინც მეტს წილს თხოულობდა,
წინ-წინ ჯაგში ის არ ეცა!..
გაიქცნენ და გამოიქცნენ,
იმათ მივყევ კვალზე მეცა.
„ვაჰმე თავი, ვაჰმე მკლავი!“ –
გაისმოდა ჩვენი კვნესა.
„თქვე ყეყეჩნო, უგუნურნო, –
მოგვაძახა დათვმა ესა: –
გატურნულს რომ მატყავებდით,
შეგარჩენდით თქვენ ჩემს ლეშსა?!“
გაიარა ცოტა ხანმა,
შევხვდით ისევ ერთმანერთსა,
თავ-პირს ვაჭამთ და ვაბრალებთ:
„შენ ჩაუდგი სული მხეცსა“.
„მე კი არა, სწორედ შენო“,
ვწეწდით ერთი-მეორესა.
გაჩნდა სითღაც ვინმე მწირი,
ამოგვიდგა მაშინ გვერდსა:
„გაიგონეთ, შვილნო ჩემნო,
დაისწავლეთ, – ამბობს მწირი, –
უჭკუობით საქმე ხდება,
ამას ვჩივი, მასზე ვტირი.
დათვის ლეშზე რომ ჩხუბობდით,
რა უყავით ერთი პირი?
თუ იმდენად თავს შეიდეთ,
ხალხის მტერი იგდეთ ხელში,
უნდა ხალხისთვის დაგეთმოთ
მისი ტყავი, მისი ლეში,
და არ უნდა მომხდარიყო
წეწვა-გლეჯა მაშინ თქვენში.
რა გიშველოთ? თქვენა ჰკვნესით,
დათვი ისევ ძველებრ ჰხარობს:
ნადიმი აქვს გამართული,
ხან ბურტყუნებს და ხან გალობს“
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა