პოეზია
საბრალო ნანა ტიროდა
საბრალო ნანა ტიროდა:
„ვაი უბედურს ქალსაო!
ჩემს უნებურად მშობლებმა
მიმცეს უბედურს ქმარსაო.
ხმალზედა ხელსა დაიდებს,
თუკი სხვას გავცემ ხმასაო.
არ მგზავნის მეზობლებშია,
არ გამაცილებს კარსაო.
„თუ მიღალატე, იცოდე,
გაგაგდებინებ თავსაო!..“
ღმერთო, შენა ხარ მოწამე,
ჯერ არას ვშვრები ავსაო.
ტყვე ხომ არა ვარ, შინ ვიჯდე
და ტარზე მატყლი ვართაო.
კვირაში ერთხელ არ ვნახო
ჩემი დობილი მართაო.
მეც მიყვარს ცეკვა-თამაში,
თუ ლხინი გაიმართაო.
იქ ყოფნა მინდა, თანაცა
ახლები მეცვას ტანთაო.
კვირა დღეს სახლში დამტუქსა:
„შენ რას აკეთებ მანდაო!“.
სახლში რომ მოვედ, ხანჯრითა
მომაჭრა კაბის კალთაო.
დედამაც ის როდი უთხრა –
ბიჭო, რისთვის სცემ, რადაო?
საწყლებსა იქნებ ვგონივარ
ნაზუქი ანუ ქადაო,
შამსინსლოს კატასავითა,
ვისაც აღეძვრის მადაო?..
როცა მატირებს, მაწვალებს,
მერე დაიტკბობს ხმასაო.
გადმომეწვევა, მაკოცებს:
„არაფერი გვაქვს სადაო;
ხასიათად მჭირს, ნანავ-ჯან,
იქნება ჰყვარობ სხვასაო,
ამას ვიფიქრებ მაშინვე,
როცა სხვას გასცემ ხმასაო.
მაინც რად მიწყენ, მეც რა ვქნა,
საარშიყოდ ვარ მზასაო“.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა