პოეზია
საახალწლოები
მოვდივარ ახალი წელი,
მრავალის კეთილის მქმნელი,
მომიდის გუნდი მწერალთა,
სიმართლე-სინათლის მთქმელი;
მრავალი გუნდი ყმაწვილთა,
თავის სამშობლოს დამცველი.
საქმე მიჩინეს იმდენი,
ლამის რომ მომწყვიტონ წელი:
ამკიდეს სახლის მასალა,
ამკიდეს რკინის ლართხები, –
გზას აკეთებენ კახეთსა,
მუშაობითაც გავძღები.
ამკიდეს ღვინის ჭურები,
დიდი მომიდგეს კათხები,
ხანდახან კიდეც დავმღერებ, –
წითლის კახურით დავთვრები.
მამულის პატრონს ვუშველი,
ვაჭრის ცოდვაში ჩავდგები.
დამლოცვენ, მომიგონებენ,
თუ კეთილს გზაზე დავდგები,
და საუკუნეთ სამსჯავროს
ნათელის პირით წავდგები.
როგორღაც ფერი ვიცვალეთ,
კარგი გამოჩნდა ნიშანი,
მხიარულადა ბრძანდება
ჩვენი საერთო მიზანი.
რომ წინ მივდივართ, ამასა
არ უნდა მკითხავ-მისანი.
გავიგეთ ერთობის ძალა,
გავიგეთ წყლულის წამალი;
ეტყობა ჟამთა ბრუნვასა
ახალგაზდობის ნავალი.
მაინც ვიაროთ, მაინცა,
გზა ჯერ ბევრი გვაქვს სავალი.
ადვილად ნამგლებს ნუ დასდებთ,
სამკალი არის მრავალი.
მინდა რომ სათითაოდა
შაირი ვუთხრა ყველასა…
ნუ გეგონებათ, ვერ შევძლო,
კარგად ვაუბნებ ენასა.
მაგრამ ამ დროში დავცადე,
არა-რაი სჯობს თმენასა…
სიმართლის თქმასა ჩვენები
არქმევენ „ძაღლურს კბენასა“.
ან ვის რა ვუთხრა, რომ ყველა
მართალი არის ცამდინა:
ძაღლი ჰყეფს, კატა კრუტუნებს,
მგელი მისულა თხამდინა,
ღორი ტლაპოში გორაობს,
წუმპეში უძევს დინგია, –
ეს ვინ არ უწყით, ამითი
რომ სიამოვნობს იგია!
სულ ყველა თავის წრეზეა,
როგორც წესი და რიგია.
კამეჩი დახეტიალობს,
მაინც როყინებს, მაინცა,
მელა იპარავს ქათმებსა,
იმის ოჯახი დაიქცა.
იქავე გდია დღესაცა,
ვინაც რომ გუშინ წაიქცა,
ვინც წიხლი ჩასცა, იმანა
უშველა თავსა, გაიქცა.
ეს ვინ არ იცით, კაცებო,
მზეს ვინა ჰნახავს უთვალოდ.
ჰა, ვინძლო, „კვალო“, დაჰკვალო,
ბოლოს არ დაჰრჩე უკვალოდ.
შენ, „ივერიავ“, ნუ ამბობ,
მე მოვერევი სხვებსაო, –
გიწვევენ საბუჩაოდა,
შემოგამტვრევენ რქებსაო.
„თბილისის ლისტოკს“ მუშტი აქვს,
ვისაც დაარტყას, – დავარდეს,
ერთი დაგარტყას გვერდშია,
ლუკმა პირიდამ წაგვარდეს.
მაგ მომუშტავეთ ყბაშია
ჩემი მოავე ჩავარდეს.
„ნოვოე ობოზრენიე“
არ გაგიფერებს სხვისასა,
ხომ იცი, გულ-არჯალია,
ის ჯავრს არ შესჭამს მტრისასა.
კისრული იცის და სარმა,
ვინ მოსთვლის იმის ხრიკებსა,
თუ ვერას გახდა იმითაც,
ბოლოს მოგაყრის ტლინკებსა.
„კავკაზმა“ კრივი არ იცის,
ბევრი შფოთი და მუქარა,
მისი საქმეა „სტუცერი“,
ზარბაზანი და ყუმბარა,
ვისაც ის დაემუქრება, –
უნდა ჩაიცვას სუდარა.
აღარას გარგებს მოთმენა,
ბევრი ხვეწნა და მუდარა.
მოდი, გაჩუმდი, სჯობია,
სულ ნურას იტყვი, ნუღარა.
ცოტათი შევლაპარაკდით,
ბაასი მოხდა ფულზედა,
თქვენც არ იყავით მართლები,
მე მომიყვანეთ გულზედა.
ვინ ამბობს, სწავლა არ ვარგა,
ხელ-აღებული რჯულზედა?!.
ოღომც ისწავლეთ, გვარგეთ რამ,
გავხდები თქვენი მსახური, –
სუყველას დავაგირავებ,
რაც ტანზე არის სახური.
დაე მე ვიყო ტანჯვაში,
ცხოვრება მქონდეს გლახური.
არ ვარგა ერთურთის კილვა,
უგზოდ სიტყვების რახუნი.
შენც კაი ბიჭი გამოხველ,
სწერ და სწერ ცხარე-ცხარეთა,
თეატრში შენს დრამის ცქერას
ყოფნა გვირჩევნის გარეთა:
სასიამოვნოდ მოსულებს
სიცოცხლე ჩაგვიმწარეთა…
მუშაკო, შენს „პიესასაც“
ცუდი დაუდგა დარია.
წუთისოფელი ასეა:
დღეს – ტკბილი, ხვალე – მწარია.
მიკვირს, ეს წუთისოფელი
ასე რამ არივ-დარია!..
ხშირად-კი უფრო გვინათებს,
თუ ხან ბნელდება მთვარეა.
შენს „რეჩისტობას“ ვენაცვლე
და შენს კისკასად ფრენასა;
ალმასად ხმარობ, ალმასად
მაგ გაფხავებულ ენასა.
არ იცი დიდი, პატარა.
არ ერიდები წყენასა.
და გულ-დათუთქულ მსმენელთა
რადღაც უყრუებ სმენასა.
კოდალა ხეზე შემჯდარა,
ნისკარტს გაუდის კაკუნი…
ტყუილად მიდის ეგ შენი
ბაქიობა და ფხაკუნი.
ამიცანას მოგახსენებთ,
ბევრი არაფერიაო…
ერთს ვიღაცა რედაქტორსა
„ქება“ დაუწერიაო.
ვითომ სხვისა? არა, ისე,
ლაღად დაუმღერიაო,
კაცსაც ჰმადლობს, უფალსაცა,
კვერთხიც დაუჭერიაო…
შემომხედეთ, მე ვინა ვარ!
თავი აუღერიაო.
ბუკისა და ნაღარისთვის
მაგრა შაუბერიაო.
ამინ, ამინ! – ჩვენც ვიძახოთ
და დავუკრათ კვერიაო;
გენაცვალოს შენ ბაბუა,
რომ გძელი გაქვს წვერიაო!
ეხლა, იცით, მე რას გეტყვით,
ამისი თქმა ძნელიაო.
გული მეტყვის, შაირებზე
რომ ავიღო ხელიაო.
რადგან პოეტებისათვის
მუდამ ლუკმა ხმელიაო.
სჯობს, ტყეებში ვისეირო,
ღობისთვის ვსჭრა წნელიაო.
ამისათვის რად შემრისხავთ,
რად გძულსთ მართლის მთქმელიაო?!
მოდი, ეხლა ვადღეგრძელოთ
ჩვენი კუდა-მელიაო!..
განა ეხლანდელი არის
ეს ამბავი, ძველიაო.
გაცოცხლოს და გაგიმარჯოს,
ჩვენო კუდა-მელიაო.
მოხვეჭე მოსახვეჭელი,
ნუ ხარ ჭკუა-თხელიაო.
მობრძანდი, ახალო წელო,
ჩვენ მზად დაგხვდებით ყველაო.
დაგხვდებით ვაჟკაცურადა,
არვისგან გვინდა შველაო.
პური და ღვინო ბევრი გვაქვს,
მასპინძლადა ვართ ქებულნი.
ვფიქრობთ, არ შევრცხვეთ შენთანა,
კარგზე თავ-გამოდებულნი.
კაცნი ვართ, ჩვენაც კაცნი ვართ,
არა ვართ გადაგდებულნი.
მკლავით იმ თავით გვაქებენ,
ჭკვაც ხომ ვისწავლეთ დღესაო;
ერთურთში აღარ ავურევთ
მოკეთესა და მტერსაო.
ვინც ლუკმას შაგვეცილება,
ზურგზე ავადენთ მტვერსაო.
1 / 2
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა