ვაჟა-ფშაველა
პოეზია

საახალწლოდ (1899)

აბა ვინა ხართ, სადა ხართ, გამოიხედეთ გარეთა! გილოცავთ ახალსა წელსა, იცოცხლეთ, გაიხარეთა. ძალად მოვდივარ მეკვლედა, თქვენ ხომ არ დამიბარეთა: სულით და გულით მოძღვნილი სალამი ჩაიბარეთა, რაც ვსდუმდი აქამომდისა, ამაში გამიბარეთა!.. უპირველესი სალამი ივერის არე-მარესა, – მისს სისხლსა და ხორცს – ქართლ-კახეთს და იმერეთის მხარესა, ბედი და ბედნიერება, დღეთამც ნუ ჰნახვენ მწარესა… ვუსურვებ დღეგრძელობასა სამშობლოს მზეს და მთვარესა: ნუგეშსა გვცემენ, გვათბობენ და გვითენებენ ღამესა… მერე სალამი მუშათა: ცულის და თოხის მქნეველთა, მწყემსთა და ღამის მეხრეთა, მინდორში ღამის მთეველთა, თავის მარჯვენის მადლითა მთელის ხმელეთის მრჩენელთა. მწიგნობართ – ერის წინამძღვართ, ქვეყნისთვის კარგის მრჩეველთა: რა გვარგებს, რა გვაზარალებს, – დღე-მუდამ იმის მკვლეველთა… მენამც თავს შამოვევლები ჩემის სამშობლოს მთა-ველთა! სალამი მღვდელთა, მოხელეთ, რომ ივარცხნიან ქეჩოსა! ვთხოვ ათლეინონ ჩვენსკენა წალდუნასა და ეჩოსა… ყველას, ვინც ქვეყნის გულისთვის გაიძრას, გაიჩეჩოსა!.. არაფერს ვეტყვი საწყენსა ამ ჩვენს დახლიდარს ხეჩოსა: იმას მილოცვა რად უნდა, ოღონდ ფულები ხვეჭოსა… ვაი თუ ფულების გამო ბოლოს ჟამს გაიბეჭოსა!.. ვუსურვებ, რო გაემარჯვოთ მშობელის ქვეყნის დედათა! ერთს ვურჩევ, თუ დაიჯერეს, სარგოსა მეტისმეტადა: შვილთა აღზრდაზე იუბნონ, რო შეიყარნენ ერთადა; ლამაზად შვილის აღმზდელი დედა მიცვნია ღმერთადა… და ყრმათ, ჯერ დაუბუმბლავთა, ერთგულნი ჰყვანდენ დედასა და არ შეუდრკნენ ბოლო ჟამს ბასრის მახვილის კვეთასა, როცა-კი მტერი მათ მშობლის შეურაცხყოფას ჰბედავსა… დიდიმც ექმნება საზღვარი თქვენთ თვალთ და გულის ხედვასა!..
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    საახალწლოდ (1899) | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში