ვაჟა-ფშაველა
პოეზია

საახალწლოდ (1894)

მიდის მდინარებრ დრო-ჟამი, ესაა მისი წესია. ვის მისდევს, ანუ რისათვის მახვილი გაულესია?! დღევანდელს ნათესს ხვალ მოჰმკის, თუკი რამ დაუთესია. მაგრამ რად ვცრუობ: თვითონა იგი როდია მთესველი, კაცი და მისი ნებაა დრო და ცხოვრების მხედველი, – კვიცმა რა იცის ყალხისა, თუკი არა ჰყავს მხედნელი?! თავზე გვატყდება დღე-ღამე, ერთიმეორის მძებნელი. ზაფხულს ზამთარი შეგვიცვლის, სთველს – გაზაფხულის ყვავილი, ჰა მისი დიდი ამაგი, ფიქრი და გულის ქავილი! სულ სხვაა დედის გოდება და მის ბალღების ჩხავილი! ერთხელ ჩვენც გვქონდა კაი დრო, ჩვენცა გვყოლია კაცები. არ იყო მაშინ ადვილი საკუთნო გასატაცები. მახვილსა ჰლესდენ სამტროდა, დარაჯად ედგნენ სოფელსა; მტერს მტრულად მოექცეოდენ, კეთილად – კარგის მყოფელსა. გული ჰქონიათ გულადა, მარჯვენა მხნე და ძლიერი. ვერ ფარფაშობდა სოფელში კაცი ფლიდი და ცბიერი. არცა გვყოლია ამდენი უბინადრო და მშიერი: თბილისს არწივი ბუდობდა და შავარდენი – მცხეთასა. ჰყარაულობდენ ვაჟკაცნი ერთგულად თავის დედასა, ლეჩაქის მოსახდელადა არვის აძლევდენ ნებასა. გვათრია შავმა დროებამ, ბევრი გვიჩვენა ვაება. ვინ ასწონს, ანუ ვინ ასწყავს, რაც ჩვენა ვნახეთ წვალება!.. ეკლით დაფენილს გზაზედა საით ვიარეთ სადამდე? ამას იქითაც ვიქნებით, რაკი არ გავსწყდით აქამდე. უსისხლოდ ქარქაშს არ ჩავა ხმალი ნაცემი ვადამდე! ცრემლო, რას იწევ თვალებში, ეკლით რად მივსებ უბესა? მე მაინც დავეწაფები იმ სათნოების გუბესა… რად ვსტირი, რა მაქვს საგლოვო, თუ ანდერძი გვაქვს მამისა, ვერ შემაშინებს დევის ხმა და ბრმა წყვდიადი ღამისა. წამომეზარდენ ბალღები, დამივაჟკაცდენ შვილები, ვეჭვობ, რომ ამისრულდება გულისა დანაპირები, ჩემზე არ აპარპაშებენ დუშმანს პატარა გმირები. ვინაც ქვეყანას უყვარხართ, ვისაც გიცნობენ კაცადა, ნუ იზამთ, კვლავაც არ გვყვანდეთ იმედის დასასახადა. რად უნდა იმას სიცოცხლე, ვინც ქვეყნის იმედს უმტყუნა – ვისაც ელოდნენ ბრძოლასა, იმან-კი ზურგი უბრუნა მტერსა და ბრძოლის ველითა გაიქცა სირცხვილეული, და ბრძოლის შემდეგ იხილა მოძმე მტრისაგან ძლეული. როგორ იაროს მან სოფლად, ვით სთელოს მიწა მშობელი, ვინც სამუდამოდ გახადა თვის გვარი დასაგმობელი?! ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი! გულს ნუ მოგვიკლავთ, ვინცა ხართ ჩვენი კეთილის-მყოფელი. დაბერდა, იმას ჰფიქრობენ, ლომს ეხვევიან ტურები. რამ გაუმხნევა, არ ვიცი, ამ უბედურებს გულები?! რად არ ჰფიქრობენ ბედკრულნი, რომ იგი ისევ ლომია. ისეა განა, ტურებთან რომ ვეღარ შესძლოს ომია? თუ შნო აქვსთ, ლომის დაჩაგვრა ან-კი რა მოსანდომია?! იქნება სწყინდეთ, აქამდის რად იყვნენ დაჩაგრულები, და მიტომ ლომის თავზედა დღეს აღუპრიათ ცულები? ლომი რის დამნაშავეა, ეს ხომ ბუნების წესია: აბედი აბედი არის, კვესი, ხომ ვიცით, კვესია. ტურებო, ჩხავანეებო, ეს უნდა იღოთ ყურადა, გირჩევთ, თქვენს ქერქში ეხვიოთ, ლომს ნუ ეპყრობით მტრულადა; ლომი დარჩება ლომადა და თქვენ-კი ისევ ტურადა. ბევრნი ხართ, განა არ ვიცი, რად იმალებით ბნელაში? დროს ელით, მაგრამ ამაოდ, დინჯად დამსხდარნი კერაში. რატომ არ მეტყვით, რა გინდათ, რას ნდომობს თქვენი კაცობა? ნუთუ არ კმარა, ვაჟკაცნო, ფიქრი და მუდამ დათმობა! მწყურან მომესმას თქვენი ხმა: „გულშივ გვინთია ცეცხლიო, ვერ მოგვატყუებს მტრის ენა, მისი ოქრო და ვერცხლიო. ისევ ისა გვრწამს, რაც გვრწამდა, ვსდგევართ ბურჯად და ციხედა, არ გადავუთქვამთ ერთმანერთს, რაც ერთხელ დავიფიცეთა. გვრწამს ძუძუ თავის დედისა, რჯულზედა ვსდგევართ მტკიცედა!“ მეც მჯერა, არ დაგვიწყნიათ, მიტომ ვსცემ ბუკს და ნაღარას. კიდევ გვაკლია ერთი რამ, იმაზე ვიტყვი აღარას. იცოცხლეთ, მანამ სიცოცხლეს არ დაგენუკოსთ სიკვდილი… რას ჰგავს სიცოცხლე უშნოვო, მხოლოდ მიწაზე სირბილი, სმა-ჭამა, ცეკვა, სიმღერა, როცა კარს გვადგა სირცხვილი!..
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    საახალწლოდ (1894) | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში