პოეზია
საახალწლოდ (1890)
თქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს,
ახლებო, გენაცვლენითა;
სიცოცხლე მიათკეცდება
თქვენის სიკეთის სმენითა.
აკეთეთ, რაც-კი შაიძლოთ
თავით, გულით და ხელითა,
რომ შვილთ გვიკურთხონ საფლავი,
არ მოგვიგონონ წყევლითა.
ოფლმა დაღვრილმა მიწაზე
ამოაცენოს იანი,
განოყიერდეს ოფლითა
მიწა მწირი და კლდიანი,
გადაიაროს ნისლებმა,
დღე გამოვიდეს მზიანი
და აღაღანდეს მინდორი
ოფლით მორწყული, ცვრიანი.
ძვალი განედლდეს გამხმარი,
ფერფლი ადუღდეს გრძნობითა,
მკვდარნი ხარობდენ საფლავში
კარგის შვილების ყოლითა.
მივინძრ-მოვინძრეთ… რას ვარგებთ
უქმად ტახტებზე წოლითა!
ბედს ვხედავ, როგორც მზის სხივსა,
გადმოშუქებულს გორითა,
ვამაყობ, მაღალს ღმერთს ვფიცავ,
გამოსადეგის სწორითა.
ჩემს გულში სანთლად ანთიხართ,
გზა მინათდება თქვენითა;
ჯავშანს ჩაიცვამს ოცნება,
გავალმასდები ენითა.
*
ქართველო ქალო,
ხმელეთის თვალო,
ცხოვრების ძალო,
არ გაგვაწყალო!
შენა ხარ ჩემი,
ვით ზღვაზე გემი –
ღელვა-შფოთის დროს
მშრალზე გამტანი.
შენ გენაცვალე,
რისთვის გამცვალე?
გულს შუბი დამეც
ძნელ-ასატანი…
წარსულს მიჰხედე,
წინ დაიხედე,
გვიშველე, მოდი,
გვითხარი ბანი.
*
რად არ იმღერი, ნეტარა,
ბიძავ, გუნება-მძიმეო,
ახლებსაც მოგვეწყინება,
თუ შენც არ მაილხინეო.
*
აქამდი არსადა სჩანდი,
გული თუ გქონდა კაჟადა,
ლამის რომ სამოცის წლისა
გაჰხდე ოცის წლის ვაჟადა
და სიყვარულის ტრაპეზსა
დრამები სთხოვო ბაჟადა.
*
კარგის შვილების ყოლისა
ყველას მოგვეცა მადაო!
სისხლით ჩვენი ხარ, სულით-კი
სხვას მიეკედლე რადაო?..
ჩვენთან შაები უღელში,
საით მირბიხარ, სადაო?
*
დაწესდა სხვადასხვაგვარი
„უპრავლენია“, ბანკია,
მაშინ მიყვარან ისინი,
თუ არ დაგვადეს ხარკია,
თუ არ აგვკიდეს ზურგზედა
წელის მომწყვეტი ბარგია.
სულ თავისაკენ რად ითლი,
ცოტაც ქვეყანას არგია,
რო თამამად ვსთქვა მაშინა:
„არ მეწუნება, კარგია!“
*
ბევრნი სთელავენ მიწასა,
თომა, პეტრე და ნინია, –
კარგსა ჰსმენ, უკეთესს სჭამენ,
მათ სახლში მუდამ ლხინია,
ბეჩავს სჩაგრავენ, უფროსს-კი
ფეხს ჰლოკენ, როგორც ფინია,
ჩაჰწნილებიათ გოგრაში
დაობებული ტვინია,
მომიკვდეს იმათი თავი,
იმათი გულის ჟინია!
*
კარგი ხარ, ქება არ გინდა,
მალამო ჩვენის წყლულისა,
ღმერთსა ვსთხოვ სამარემდისა
შეგრჩეს სიმტკიცე სულისა.
*
მწევარი მისდევს კურდღელსა,
ქორი იტაცებს ქათამსა…
ერთის სადილით ვიყიდი
შენს ცრუპენტელა კალამსა.
*
ვინ არ შეაქებს ბულბულსა,
ვინ არ დასუნავს ვარდსაო!
ჩხირკედელობით იქარვებ
გულზე მოწოლილს დარდსაო!..
*
მთაში მოსულო ყვავილო,
გამოსროლილო ბარადა,
მახსოვხარ პირ-მოღიმარი
და მეხსომები მარადა.
*
მაისის წვიმავ, მიყვარხარ
იაზედ დანადინარი…
ჩუმად გატირებს ვაჟკაცსა
ჯავრი გულს გადამდინარი.
მინდა რომ გამოვაღვიძო
შენი კალამი მძინარი.
*
ნეტავი სულ იცინოდე
და არ მეჩვენო მტირალი…
რად არ გებრალვი ვაჟკაცი,
შენს პირში შემომზირალი…
*
მინდა რომ გაქო, მაგრამა
ენა არ მომდევს, ტიალი.
შენგან სიკეთეს ველოდით,
მაგრამ მოგვეცი ზიანი.
ტვინი გაქვს შხამ-მორეული,
თუმც-კი ბიჭი ხარ ფხიანი.
*
ღმერთმა უშველოს კეკოსა,
დაჯდეს, ნაცარი ქექოსა.
*
ღმერთმა უშველოს ვანოსა,
რომ თავი მოიფხანოსა.
*
ღმერთმა აცოცხლოს ენაო,
მაყურებლების სმენაო.
*
ახალო წელო,
ფიქრებით მწველო,
გთხოვ, რომ ცხოვრება
არ გაგვიძნელო.
მოგვშორდი, შხამო,
მოგვშორდი, გველო!
ახალო წელო,
ფიქრებით მწველო,
შენი სიკეთე თუმცა-კი მჯერა,
ყური დამიგდე, რასა გთხოვ ჯერა:
ვინაც არ იცის,
ასწავლე წერა;
მე უკეთესის
ჰანგების მღერა
მასწავლე, თორემ
დაგლოცავ ვერა.
გვიცოცხლე თავი,
გვიკურთხე მკლავი,
გვაშორე საქმე
ბილწი და შავი…
და მოგვეც ყველას
პირი და ზავი.
თუ არ მისმინო,
მოგიკვდეს თავი.
[1890 წ.]
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა