პოეზია
საახალწლო სიმღერა (1910 წ.)
ახალწელია და მაინც
ქარი ქვითინებს მწარედა,
თან მოსთოვს… კორიანტლისგან
არ გაისვლება გარეთა.
ახალწელია და გვადნობს
სულდგმულთ სიცივე ძვალებსა.
როგორი ახალწელია,
რა ზნე სჭირს გასახარელსა?!
ახალწელია. კერაზე
ცეცხლი მიქრება, ნელდება:
ვეღარ გავსულვარ შეშისთვის,
ჩემი ადგომა ძნელდება.
ახალწელია. ავად ვარ,
მუხლები აღარ მომყვება.
დალოცვილ ახალწლისაგან
ვეროდის ვნახე მოგება;
მუდამ ის არი, რაც იყო,
დადის კუდალა ცხენითა.
ღარიბს და თავ-მომწონესა
უნდა დაუხვდე ძღვენითა!
მაშინ კარგია: ქეიფობს,
ტკბილად ტიკტიკებს ენითა;
თუ არა – ჩორბსა დაუშვებს,
ბუზღუნებს, არი წყენითა.
„გილოცავ ახალსა წელსა!“
დუნია ამას ყაყანებს.
ყინულში ახალს რა უნდა,
ქათამი ვეღარ კაკანებს.
ახალწელია, მაგრამა
ვარდ-იათ როდი აყვავებს!
მიმატებისა მაგივრად
ძველის წლის ამაგს ათავებს.
ახალწელია, ახალი.
რას მოველოდეთ მისგანა?
ცრემლსა და ვაი-ვაგლახსა,
როგორც წარსულის წლისგანა?
სიმწარის დაშინებულნი
ვცდილობთ გავიტკბოთ ყელია
წინასწარ, რომ ავიტანოთ
ასატანელი ძნელია.
ღმერთს ვსთხოვოთ, არ დავარდნოდეს
დროთა ტრიალსა ცხენია.
ერთხელ მოგვიტანს კარგსაცა,
ამის თქმა არა მრცხვენია.
ახალწელია და, თუმცა
გული მრავალჯერ მტკენია,
მაინც ვიძახი: აყვავდეს
იქნებ სამშობლო ჩვენია?!
ახალწელია და მიტომ
იმედი გულსა მფენია:
იქნებ განგებამ გვაკმაოს,
რაც ჭირი დაგვითმენია.
ახალწელია… თენდება…
ყივის და ყივის მამალი.
ცაზე ცისკარი კაშკაშებს,
ჩაბძანებულა მრავალი.
თავს დამფრენს ტკბილი ოცნება,
ტანჯულის კაცის წამალი.
წამოიშალნენ ბალღები,
გადიგდებინეს საბანი,
ტკბილეულობას დაეცნენ,
ვის აგონდება ანბანი?
გმირებიმც დაიზრდებიან,
ხარობდეს ქართველთ მთა-ბარი!
ცამდე აზიდულთ გრძნობითა
გული ჩაედვასთ მაგარი!
მეკვლეს მოველით ხმა-ტკბილსა;
რად იგვიანებს, სად არი?
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა