ვაჟა-ფშაველა
პოეზია

საახალწლო სიმღერა (1907 წ.)

შენი ჭირიმე, ჩონგურო, შენ გენაცვალე, ნაღარა! რად მეუბნებით: „გაჩუმდი, აღარ იმღერო, აღარა?! ვერ ჰხედავთ, ნდომამ მღერისა ჩემს გულში დაისახლკარა, მოფინა ია-ვარდითა, მას შესტრფის ჩემი ჭაღარა? შემირცხვა, ვინაც სიცოცხლე უმადლოდ გააჩანჩალა! ტირილისა და მღერისა ცხოვრებამ მომცა მასალა; მწადის სიცოცხლეს ვმსახურო, თუმც ბევრი მასვა სამსალა. ვერ მომკლა უგუნურთ ძრახვამ, ვერც გრძნობათაგან დამცალა. უწმინდურს წმინდა გრძნობები სად გაგონილა სდებოდეს, – სად თქმულა, ვისაც ვინა სძულს, იმის გულისთვის კვდებოდეს?! შენი ჭირიმე, ჩონგურო, შენ გენაცვალე, ნაღარა! რად მეუბნებით: „გაჩუმდი, აღარ იმღერო, აღარა?!“ ძალიან გიკვირსთ, რომ ჯანმა მკლავში და მუხლში მისუსტა? მათ დანაკლისი ხარბადა ჩემმავე გულმა შესუტა; განმტკიცდა, გაიზაფხულა, შეიმკო ყვავილებითა; არას დაგიდევს ძრახვასა, მოქმედებს თავის ნებითა. „მადლი მაქვს, მადლი!“ დუდუნებს თავის მხლებელთა კრებითა: „ქვეყნის ჭირ-ვარამს ვატარებ, ვერავინ შამედრებითა!“ მეც მიჯავრდება: „არ დასცხრე, ვიდრე ჰმეტყველობ ენითა, თავის სამშობლოს ვარამი ილაპარაკე მღერითა. უნდა სამარის კარზედა მივდგეთ ჩონგურის ჟღერითა ვაჟკაცნი ლაღად, თამამად, ჩვენ ვაჟკაცურის ფერითა. საფლავშიც გვეყო დუმილი პირ-სავსეთ ქვიშა-მტვერითა!“ მეცა ვმხნევდები, ვმუშაობ ჩემის გაზით და კვერითა, როგორც ოცის წლის ჭაბუკი, დახავსებულის წვერითა. კარგებო, მოდით, ხელს ხელი, ბილწნო, შორს გაიჭრენითა! განგება მწყალობს, განგება, უხვად და გამეტებითა: სამწყემსოდა მყავს ქვეყანა, მორჭმული ქართვლის ერითა, სიბერე სიახლედ მექცა აშკარად გამოჩენითა. მძრახეთ ამისთვის, ვისაც გსურთ, მძრახეთ, თუ არა გრცხვენისთა! შენი ჭირიმე, ჩონგურო, შენ გენაცვალე, ნაღარა! რად მეუბნებით: „გაჩუმდი, აღარ იმღერო, აღარა?!“ ხომ ჰხედავთ, არ გემონებათ ჩემი გული და ჭაღარა!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა