ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

საასპარეზოდ მოგვცა უფალმა

საასპარეზოდ მოგვცა უფალმა წუთისოფელი ადამიანთა: გამოცდა არი ჩვენთვის სიცოცხლე, ასე უცნია კაცთა ჭკვიანთა; ვაკეს ვინ აქებს, თუ არ ავივლით ოღრო-ჩოღროს გზებს აღმართიანსა? თუ პაპანებამ არ შეგვაწუხა, ვინ დაინატრებს ალაგს მთიანსა? ღამე არ იყოს თავპირ-სამტვრევი, ვინ შეაქებდა დღესა მზიანსა? მადლსა მადლადა ვინ ჩაგვითვლიდა, რომ არ გვაძლევდეს პირადს ზიანსა? როგორა ცხონდეს, აბა, მხედარი, თუ არ იბრუნებს მაჯას ხმლიანსა, თუ არ შეაკლა თავი იმასა, ვინც მამულს აძლევს მისას ზიანსა? ადამიანი მითი ფასდება, აზრს ვინ ატარებს რამდნად ფრთიანსა. საწყლებსა სთესავს წუთისოფელზე, – ასე მიცნია, – მიტომ განგება, მადლი თუ გვინდა გამოვიჩინოთ, რომ ჩვენა გვქონდეს მათ შებრალება. ასევე გვმართებს გაჯავრებულთა და მოტირალთა ჩვენ დაწყნარება. თუკი ამ ქვეყნად, არსად მის კიდეს, არ იქნებოდა რამე საწყლობა, ვნახავდით სადმე ჩვენ კაცსა ქველსა, ან იქნებოდა სადმე ქველობა? თუ არ იქნება საგნის მუშტარი, იქნება განა მისი ხელობა? თუ დიაცს შვილი არ ჰყოლებია, სიდან ექნება მშობლური გრძნობა, თვალში – თვალადა, გულში – გულადა ჩაქსოვებული შვილისა ცნობა? ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ რა იცის, რაა სამშობლოს ტრფობა? ან უშურელი კარგად ვით ვიცნოთ, თუკი არ იყოს შური და მტრობა? საასპარეზოდ გვაქვს ეს სოფელი, დაეშურენით, მიიღოთ ჯილდო, და ვინც ბიჭი ხარ, უნდა ეცადო, კაცურ-კაცობა მამაცად ჰზიდო!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა