ვაჟა-ფშაველა
პოემა

რუსთაველის ნეშტს

მგოსანო საქართველოსავ, წამოიხედე ზეზედა, იხილე შენი სამშობლო, მიმოიარე მზეზედა. შენი ერისა ჭაბუკნი გიამბორებენ ხელზედა; მართლდება შენი ნათქვამი ათასზე (განა ერთზედა?): თავისუფლდება მონები, შენ გულს რომ გჭირდა წყლულადა; ნეხვთა და ვარდთაც ლამის რომ მზე მოეფინოს სწორადა; აღარ ვართ გუშინდელები, ვიქცენით ერთი-ორადა; წამოგვეზარდნენ ჭაბუკნი, ჰნახო, სცნობ არწივ-ქორადა! თავს სწირვენ ნესტანისათვის ტარიელივით ლომადა. და ივერიის დიდებას ხალხს აუბნებენ შორადა. აღვსდეგით, ცამდე ავმაღლდით ნათქვამნი ჩასაქოლადა. თუ არ წამოხვალ, მანდ მოვლენ; დღემდის ბევრებსაც ჰნახავდი. ვიცი, რომ გიამებოდა, გულს ვარდად დაისახავდი სახესა ვაჟკაცებისას. მიიღე, როგორც შვილები, თავ-დადებულნი ქვეყნისთვის, შენი სამშობლოს გმირები. აკურთხე შენის მარჯვენით ეგ მარგალიტის ღილები, სამშობლოს მკერდით აჭრილნი, მისთვის დამწვარი ცვილები.
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/2690.rustavelis-neshts.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    რუსთაველის ნეშტს | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში