მოთხრობა
როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზედ
– ბალღები სადღა არიან? – იკითხა იოთამმა, როცა სახლში შევიდა, – ისრით იღლიაგაგმირული, ტყავგაუხდელი არჩვი კერაზე დააგდო ისე დაუდევრად, რომ ნადირის წვერმოკაუჭებულმა რქებმა მიწაც კი მოჩიჩქნა. ვერ იყო იოთამი კარგს გუნებაზე: თავიდან ფეხებამდის წურწურით წყალი გასდიოდა, ავდარს დაესველებინა; მშვილდი და კაპარჭი (საისრე) დედაბოძზე წნელით მიმაგრებულს ირმის რქაზე ჩამოჰკიდა და აჩქარებით კერაზე გახურებულს ცეცხლს მიაშურა; გასათბობად ხელები მიუპყრო; ტანზე გარექცევ ნაცვამი ჯიხვის ტყავის კალთებიდან ორთქლმა დაუწყო პირისახეზე ადენა; თბებოდა ცეცხლზე და თანაც ცოლისაგან პასუხს ელოდა, რომელიც იქვე, კერის შორი-ახლოს იწვა არხეინად, ძუ ვეფხვსა ჰგვანდა. გველ-ხოკერასავით სქელი, შავი ნაწნავები ზოგი უკან ბეჭებზე ჰქონდა გადაყრილი, ზოგიც წინ, გულ-მკერდზე ელაგა. პირისახე მოსინულ სპილენძს მიუგავდა. პატარა ბიჭს, იოთამთან ნაყოლს, ძუძუს აწოვებდა. ბავშვი ორის ხელით ჩაჰბღაუჭებოდა და გაშმაგებით სწოვდა ტუჩების ტკბარუნით. ვეფხვის ლეკვი ვეფხვის რძეს შაექცეოდა.
დედა-შვილნი განცხრომაში იყვნენ. ლოგინად არჩვებისა, ირმისა და მგლის ტყავები ეგოთ, ხავსსა და ლელზე დაფენილი.
ეს მეორე ცოლი იყო იოთამისა, მოტაცებული, ნანადირევი. ტყეში შეხვდა, სანადიროდ ნამყოფი, სტაცა ხელი, არც აცივა, არც აცხელა, პირდაპირ თავის ქოხში ამოაყოფინა თავი. შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი მონა-მორჩილიო. მდევრად წამოსული ცოლის ძმები ისრით დახოცა, სიმამრს ქვით გაუტეხა თავი, კინაღამ ისიც საიქიოს გაისტუმრა. იოთამი ძალიან მძლავრი, მამაცი ადამიანი იყო.
ქმრის გამოხმაურებაზე ცოლმა მხოლოდ გადმოიხედა და ცეცხლივით შავი თვალები გადმოანათა. ოდნავაც არ შენძრეულა.
– ბალღები სად არიან-მეთქი, შენ გეკითხები? – განუმეორა იოთამმა.
მოუხეშავს, ბრიყვს, სასტიკს იოთამს ძალიან უყვარდა პირველ ცოლიდან დარჩენილი შვილები, ქალ-ვაჟი, მზია და ვეფხვია.
– ძროხები დაუკარგიათ, იმათ საძებნელად დავგზავნე, – უპასუხა ცოლმა.
– ოჰ, ოჰ, ჩამწარდა წუთისოფელი, სიცოცხლე შხამი გახდა შენს ხელში, დედაკაცო! ხუთი-ექვსი წლის ბალღები ამ უკუმეთს ღამეში რა ძროხებს მოგიძებნიან?! ვინ იცის, რა დაემართებათ ამ უკუმეთს ღამეში? გინდა ისინიც ნადირს დააჭამო? ამდენს ჩემს სულით ტანჯვას და ჩემი შვილების წვალებას ბარემ ერთხელ თავები დასჭერ, მორჩი და გაათავე, შენც დაისვენე და მეც დამასვენე, – სთქვა გაჯავრებულმა იოთამმა.
– შენ გააჭირე საქმე და შენმა შვილებმა!..
რა გახდა შენი შვილები, გველის წიწილები ცოტაა ქვეყანაზე? – უპასუხა გარისხებულმა ცოლმა.
გაშტერებული იოთამი დიდხანს უცქეროდა ცოლსა.
– ჰაი, შე გველო, მართლა და გველო, – წარმოსთქვა მან ბოლო დროს. მაშინვე ჩამოიღო კაჩხიდან მშვილდი და საისრე, ლახტი წელში გაირჭო. დაიბჯინა შუბი და გავარდა გარეთ; წვიმა კოკისპირულად ასხამდა. მიდის იოთამი უგზო-უკვლოდ. თავბრუ ესხმის.
ერთხანად შედგა, ჩაფიქრდა, უნდოდა დაბრუნებულიყო, ცოლისთვის სამაგიერო გადაეხადა, მაგრამ ფეხი და აზრი აღარ შეშალა. გასწია პირდაპირ, მიდიოდა როგორც გატყორცნილი ისარი. შეჰყო თავი ხშირს დაბურულს ტყეში, ავიდა მაღლობზე და ჰყვირის: „ჰაი. ვეფხვიავ, ჰაი, მზიავ!“ პასუხი არ მოსცა არავინ. იმის ძახილზე მხოლოდ ნადირნი გარბოდენ, მიალაწუნებდენ; ხის ტოტებიდან დამფრთხალი ფრინველები ზოგი ჰაერში ფარფატებდა, ტყის თავზე, სხვა ტყეშივე დაფთხრიალებდა, დასაჯდომ ალაგს დაეძებდა.
დადის თავგადაგლეჯილი, ხელებდასისხლიანებული, თავ-პირგადაკაწრული. „სადა ხართ, ჩემო შვილებო, თქვე საწყლებო, სადა? ჰაი, ვეფხვიავ, ჰაი, მზიავ!“ ხან თავისთვის ბუტბუტებდა იოთამი და ხან კი მაღალის ხმითა ჰყვიროდა.
ამაო იყო მისი ძახილი: გაღმა ფერდობებიდან მხოლოდ კლდეები გამოხმობით, გამოძახილით უპასუხებდენ.
თმაგაწეწილი, თვალებდაფეთებული იოთამი გიჟსა ჰგვანდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, არ იცოდა, სად დაედგა ფეხი, რისთვის ეხლო ხელი, ყველგან თავისი შვილები ეგულებოდა, ასე მალე ისე შორს სად წავიდოდენ, ვეღარ შევხვდეო, ფიქრობდა თავისთვის… ჰაი, მზიავ, ჰაი, ვეფხვიავ! როდი იცოდა საბრალომ, რომ მისი შვილები დედინაცვალმა იმავ საღამოთი დაირეკა კარში, როცა ის სანადიროდ წავიდა და დღეს მესამე ღამეა, რაც იმათ ტყის ჭერი ჰფარავს, ნიავი ეალერსება დედასავით, ნაკადულები უამბობენ სახუმარო, საცინელს, სასიამოვნო ამბებს, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ, მხოლოდ სხვა სახით; იმათი ხმა, ძახილ-ძუხილი კიდეც ესმოდა, მაგრამ არ იცოდა, ეს ხმა ვისი ან რისი იყო. უკვირდა იოთამს, კაცი ბერდება ამ ტყეებში და ჯერ ამისი მსგავსი არაფერი ჰსმენია. რა იცოდა, თუ მისი შვილები ეძახოდენ ერთი-მეორეს. რას ეძახოდენ, მით უმეტეს, არც ის ესმოდა.
II
დედინაცვალს არ ეხდინებოდა იოთამის შვილები, უნდოდა იმათი თავიდან მოშორება და აი რა ღონე იხმარა: იმ საღამოსვე, როცა იოთამი სანადიროდ წავიდა, როცა ვეფხვიამ და მზიამ საქონელი მორეკეს, იმათ შეუმჩნევლად ეს საქონელი ბაკიდან გამორეკა, უჩინარ ადგილას მოაფარა, ხოლო გერებს მოუშარა, საქონელი რად დაგიკარგიათო, გასწით, მოძებნეთო.
1 / 4
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა