სიმღერა
რისხვა ჯვარისა
გული გაშავდა ქვეყნისა,
შხამით შედედდა ზნეობა,
უცოდველთ სისხლით შეღებეს
დიდი საუფლო დღეობა.
წყეულთ ამიღეს ხელშია,
თანაც შემეკვრნენ ფიცითა,
რომ უწინამძღვრონ ქვეყანას
სწავლა-მოძღვრებით მტკიცითა.
მაგრამ უყურეთ ჩემს ბედსა,
როგორი მადგა ვაება:
ჩემთა მოსავთა კრებული
„ანგარიშებში“ გაება…
მე გავუშვივართ, მირბიან,
„არშინს“ ატანენ ხელებსა;
ატირეს ტფილისელები,
მშობლებს უწვავენ გველებსა.
ვაიმე, ჩემო ანდერძო,
ვაიმე, ჩემო მცნებაო!
ჩემთა მსახურთა წყალობით
ზღვები სისხლისა დგებაო;
დაღუპულ ოჯახებისა
ცრემლი ზეცასა სწვდებაო…
შხამად შეერგოს სიცოცხლე,
ვინც-კი ძმის სისხლით ძღებაო,
ვის საპირადო საქმითა
ოცი და ასი კვდებაო!..
არც-კი წითლდება წყეული,
რომ ბოროტებას შვრებაო.
ხიდი გადევით კაცთ გულში,
ხიდს თქვენ რადა სდებთ წყალზედა?!
რად სდგეხართ, ჩემო მსახურნო,
ძარცვა და გლეჯის გზაზედა?
როგორ არ გახსოვთ გოლგოთას
ნაზარეველი ჯვარზედა!..
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა