ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

რატომ მალედვე არ მოვკვდი

რატომ მალედვე არ მოვკვდი, მინამ ეგეთსა გნახავდი? რას ჰგევხარ? ვეღარ გიცანი, მე სალოცავად გსახავდი. შემოგცარცვია სიტურფე ვით გაზაფხულის იასა. შემოგჩვევია, დაუხრავ ფესვები ოხერს ჭიასა. სულ არ მენახვე, ნეტავი, ბოლოს თუ ამატირებდი, სიკეთის ცუდზე შეცვლითა დამკლავდი, დამამიწებდი. პირველ რო გნახე, გავოცდი, ციურ არსებად დაგსახე. თუ ეგრე შეიცვლებოდი, თავ-მოსაკვდავმა რად გნახე?! ნუთუ ბუნების წესია მუდმივი, უცვალებელი სიცოცხლის სიკვდილად ცვლისა, უმსგავსი, უბრალებელი?! მაგრამ ეს კიდევ მეტია: ცოცხალს სიტურფე წაერთოს, სიკეთის, ლაზათის ნაცვლად, თავს უშნოობა დაერთოს. ბუნებას ეს თავხედობა ჩემ მიერ როგორ დაეთმოს? ესა მწყინს: ტურფა გუშინა დღესა ჰქცეულხარ ფისადა, – მენანვის, ცრემლი იმდენი დავღვარე რად და რისადა? ან ეს რა საკადრისია ბუნებისად და ღვთისადა! ცუდი გაკეთდეს, მიცნია ზესთა ძალთ საკადრისადა, განა თუ კარგის წახდენა, შარევა ლაფს და მტვრისადა. წყეულიმც არის ყველა ის, სიმღერის ნაცვლად მატიროს, წაქცეულს, შველის მაგივრად, ყელში ხანჯარი მაღიროს, მეც მომკლას, ჩემის მოკვლითა სხვასაც ცრემლები ადინოს. ნეტავ კი ტურფას სიტურფე შერჩეს სამარის კარამდე, ღმერთს სხვას არაფერს არა ვთხოვ, თუნდ არ ვიცოცხლო ხვალამდე. ეს მუდამ ენაზე მედგა, როდემდის უნდა ვმალავდე?!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა