ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

რას შემომღმუი, მდინარევ

რას შემომღმუი, მდინარევ, რა გზას მიბნელებ, ღამეო?.. ნუ გამხდი, საეშმაკოდა, საწუთროვ, შამიწყალეო! ღმერთო, მიშველე, მომხედე, ბნელი გზა გამინათლეო, შინ მიმელიან ბალღები, თვალი უჭირავთ გზაზეო. ნუ დამიობლებ შვილებსა ამ ბედკრულს ქვეყანაზეო, ნუ აატირებ საწყლებსა, ცრემლი მოუვათ თვალზეო. ატირდებიან მწარედა ჩემის სიკვდილის თქმაზეო; მაცალე, ბედო, იმდენი, რო გადავიდე მთაზეო. იქნება ვაკეც დამიხვდეს, გზა რომ ვიპოვნო სავალი, რომ შინ მივიდე ცოცხალი, წყლულს მოვუპოვო წამალი. იქ დავისვენებ, მხოლოდ იქ, სხვაგან არა მაქვს შვებაო: ობლად ვარ უცხოს თემშია, გული ამიტომ კვდებაო. მაგრამ ან სახლში რა მინდა – დედა არ დამიხვდებაო. ვიჯავრებ, შორით ნაფიქრი ფიქრები წამიხდებაო: ლხინის მაგივრად სახლშია ტირილი დამიხვდებაო, სადარდო წუთისოფელში აღარაფერი მრჩებაო. ბედის ვარსკვლავსაც არ ვგლოვობ, ჩახდეს, თუ ჩამიხდებაო; რისათვის ვსცოცხლობ, თუ ფიქრი, ნატვრა არ ამიხდებაო?! მარტოკას ჩემის ფიქრითა ან-კი რა გამიხდებაო?!. ვაი, რომ საიქიოსაც გინება დამიხვდებაო!.. აქ ჩემი უქმად ცხოვრება იქ თვალ-წინ დამიდგებაო
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა