პოეზია
რაინდის ჩივილი
„გული მომიკლა ამდენმა,
განა ომმა და შრომამა:
ქვეყნისა უმადურობამ,
ისევ ჩემდამო წყრომამა.
ვინ რაღას ელის ჩემგანა,
შევწირე, რაც კი მებადა:
ძალი, ღონე და ქონება,
უმწეო დავრჩი კენტადა.
ახლა ფიცარზე მაკრავენ
ისრებით დასახვრეტადა,
აღარც ვინ მამად მიმიღო,
მით უმეტესად – დედადა.
ძმად არვის გამოვადგები
მტრებისა დასახვედრადა.
ვეღარც შავჯდები ცხენზედა,
ვეღარც ხმალს დავატრიალებ;
ჩვენის ჯარისა სილაღეს –
დროშას ვერ ავაფრიალებ;
სამშობლოს გამტიალებლის
ბანაკს ვერ გავატიალებ.
მუხლებში ქარი დამადგა,
აღარც მომყვება წელია.
მინამდე მკლავი მიჭრიდა,
ამას მეძახდა ერია:
„სადა ხარ, ანდარეზაო,
კაცო, რად არა გვშველია?!“
მე რომ მნახავდენ ხმალ-მოწვდილს,
ჯარი გაცოცხლდის მთელია
და მიესივის მტრის ლაშქარს,
როგორც ცხვრის ფარას მგელია.
ახლა მიცქირეთ, რაღა ვარ:
ჩემს გაჩენის დღეს ვწყევლია,
მე მადლობელი აღარ მყავს,
არც ერი, აღარც მღვდელია.
აღარვის ახსოვს ამაგი,
ჩემი შრომა და ღვაწლია;
ასე სცოდნია სოფელსა,
შემირცხვა იმის მადლია!..
კარგი ხარ ყველასათვისა,
მანამ რამა გაქვს ძალია,
და როცა ძალა წაგერთმის,
გამოგეთხრება თვალია.
ან ვის ვაბრალო, ვემდურო:
სუყველა ჩემი ბრალია!
ხომ ავასრულე, მეწადა,
მე კაცობრივი ვალია;
მინამდე ვიყავ, ხომ ვიყავ,
ხომ ვატრიალე ხმალია!
მიჭირს და არვინ მიჩნდება,
დამალეინოს წყალია,
ღმერთო, შენ გებარებოდე!
ღმერთო, შენ შამიწყალია!“
ეს სთქვა მხცოვანმა რაინდმა,
დაიდვა თავით ხმალია,
ხანჯარი, ფარი, ჩაჩქანი
და ისე სული დალია.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა