ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

რაფიელ ერისთავის გარდაცვალებაზედ

გულსა სწყინს, თუმცა ულმობელს ვერ შევცვლით უფლის ცნებასა: ყველასაცა ჰკლავს, არ ჰზოგავს, ვინც გაუზდია დედასა… ეს ხომ გავიგეთ და ვიცით, სხვა რაღა გვრჩება სათქმელად? ერთი ის, მხოლოდ ჩვენგანსა რაც ჩაეთვლება სახელად, ან ისა, მკერდში ვისაცა გული სდებია ქვისია და არ სცოდნია მშობელი, არც თანამოძმე თვისია. კურთხეულიმც ხარ სულითა, ღმერთმა გიკურთხა ჭაღარა, მთა-ბარს გულს აუჩქროლებდა შენი ხმა, შენი ნაღარა, სამშობლომ ხევსურისამა ყველასიც გული დაღარა. გრძნობა შესწირე ზვარაკად შენსა სამშობლო მხარესა, რბილსა და ნაზსა ღიღინში ცრემლსაც ურევდი მწარესა, გაესხივოსნა წყვდიადი, – ეხვეწებოდი მთვარესა. საწყალსა ღამის მეხრესა აწ ვინღა გაახარებსა, დაჭრილი შვილი დედასთან ამბავს ვის დააბარებსა?! ბარს ვინღა ასწევს მთამდინა, ან მთას ვინ გააბარებსა? სამგლოვიაროდ თავის ბედს თინა ვის ჩააბარებსა?! ვის დააღონებს ამიერ წყლულები თავის დედისა? შეჰბღალავს ტაძარს წმიდასა ჭარტალა ენა ყბედისა… ღმერთმა გიკურთხოს სამარე და ყოფნა მოგცეს შვებისა!..
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა