სიმღერა
რად ამბობთ, გაზაფხულდაო
რად ამბობთ: „გაზაფხულდაო“,
მოკლულს გულს მიკლავთ მეორედ?
სთქვით, კიდევა სთქვით, საწყლებო,
სიცრუე გაიმეორეთ!
მე ვერსად ვხედავ გაზაფხულს,
ვერსად ვარდს, ვეღარც იასა;
მიწურულია აპრილი,
დღეს კი ვერ ვხედავ მზიანსა
გაზაფხულისას, ტკბილს და თბილს,
არც მერცხლებს მალხაზ-ფრთიანთა:
ყორნებსა ვხედავ მხოლოდა,
სისხლით დათხუპნილთ, ბრჯღლიანთა.
ჩემ ჭერ-ქვეშ ბუდეს აგებენ,
თქვენ-კი გგონიათ მერცხლები.
ახ, კაცნო, რადა სტყუვდებით,
რადა ხართ ეგრე ბეცები?!
ნუთუ ვერ გაგირჩევიათ
მერცხლის და ყორნის კვერცხები?
სრულიად არ ვგრძნობ გაზაფხულს,
არ მოვტყუვდები აროდის.
მკვდარს რომ ვუცქერი ბუნებას,
სული ძმარ-ნაღვლად ამოდის.
ყვავილებისა ნაცვლადა
გველი სოროდან გამოდის.
ჰშხამავს და ჰბილწავს ყველაფერს,
რასაც სიცოცხლე სწადიან.
გველს რო ჰხედავენ ბრიყვები,
„გაზაფხულს“ გაიძახიან.
არა, ვერ ვხედავ გაზაფხულს,
თუნდაც გამიწყრეთ ძალიან.
„ადიდებულა მტკვარიო“.
ტყუილი არის, ტყუილი:
თქვენ დიდად მოგჩვენებიათ
მისი უძლური შხუილი.
არც ჭექა მესმის, არც ელვა
და არსად წვიმის შხაპუნი.
„მცივაო, ცეცხლზე გამათბე“,
მესმის კარების რაკუნი
მგზავრის… ზაფხულის ლოდინით
გხიბლავთ ოცნება მაცდური.
ამგვარის გაზაფხულისთვის
არა ჰჟღერს ჩემი ფანდური!
ყორნებსა მერცხლებად ჰსახავთ
და გველსა ია-ვარდადა.
ესე-ღა მაკლდა მხოლოდა
ნაღველის შესავსებადა.
რას ამბობთ, გამაგებინეთ,
რატომ არ ჰფიქრობთ კარგადა?!
მე რასაც სარგოდ არა ვსცნობ –
არ ავიკიდებ ბარგადა;
ამგვარი გაზაფხულები
გულს არ უცვნია მარგადა.
იძახეთ „გაზაფხულდაო“,
ატყუეთ თავი მაგითა,
ნამდვილის ვარდის მაგივრად
იხარეთ ეკალ-ჯაგითა!
„გაზაფხულდაო“-ს ძახილი
არ მოიშოროთ ბაგითა!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა