სიმღერა
რა ვუთხრა ამ მთებს
რა ვუთხრა ამ მთებს,
რა ვუთხრა ამ კლდეს?
იგრძნობენ კი, რომ
გული მომიკლეს?
არც სიხარული,
არც სიბრალული
გულს არ მეგზნება.
თუკი დღესნამდე
ვერ გავიხარე,
ამიერიდან
სით-ღა მექნება
მე სიხარული?
ეს ჩემი გული,
ათასჯერ ვარმით
დამწვარ-დაგული,
ცვილივით დნება.
უდაბნოდ იქცა
ჩემი არსება,
უოაზისო,
ტიალი რჩება.
ბრძოლის სურვილი
მხოლოდ არ კვდება.
იქ ნუ გგონია,
ია აყვავდეს,
ან ვარდი, მგოსნად
ბულბული ჰყვანდეს.
უაზროდა ჰქრის,
ღრიალებს ქარი,
ქვიშა და ლამი
სჩანს მონაყარი.
ვითომ იქ ჰნახო
ხეები დიდი?
მწვანე კორდები
და წყალზე ხიდი?
არა, არა-დროს!
იქ სიკვდილია
შავი და ბნელი,
მაღლა და დაბლა
სჩანს მისი ხელი.
მგზავრად ფრინველნი
მაინც მწვევიყვნენ,
გარს თუნდ მერცხლები
შემომხვევიყვნენ.
ვაი, რომ არა!
ყველა გამირბის,
დღეები უქმად,
ტყუილად მიდის.
ან მზე, ან მთვარე
რისთვის მინათებს?
ნეტავ რად? რისთვის?
რას მომიმატებს?!
მას აშუქებენ,
რაც მეზიზღება.
მე მზე და მთვარე
არ მეჭირვება.
მზემ იქ ანათოს,
საცა ლხენაა,
სად სიცოცხლე სდუღს,
ბულბულთ ენაა.
უდაბნოს მცხოვრებთ
მხოლოდ აბრაზებს,
მნათობთ სხივი რომ
ვერ ალამაზებს
წრიოკს ბუნებას
ოხერ-ტიალსა
და სიცოცხლისას
ვერ სტოვებს კვალსა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა