ვაჟა-ფშაველა
მოთხრობა

ქუდოვანი

სარდიონი ფრიად ამაყი და თავმომწონე კაცი იყო. დიამბეგობა რომ მიიღო, მაშინ უფრო თავი მოიწონა; სწორედ გაფხორილ მამალ ინდაურს დაემსგავსა. სარდიონმაც სხვა მოხელეებს მიჰბაძა და წვერი შუაზე გაიყო, მოიპარსა. ხელობა ისეთი ებარა, რომ ძლიერ საჭირო იყო ყველას შიში და კრძალვა ჰქონოდა მისი. სარდიონი დიდი კაცი იყო და დიდკაცურადაც ცხოვრობდა, სიმდიდრეც ჰქონდა, ძღვენიც ბლომად მოსდიოდა; რა გინდა, სულო და გულო, რომ იმის საკუჭნაოში არ მოიპოვებოდა: ერბოსი და ყველის გუდები, მსუქანი დედლები, ბატები, ინდაურები, გაფუფქული გოჭები და სხვ. და სხვ. გაზაფხულობით და ზაფხულობით ბაღჩაში განსვენება უყვარდა: დიდ ნიგოზ-ქვეშ იდგა სტოლი და მის გვერდით იყო გამართული ტახტი, ხალიჩაგადაფარებული; თუ ამინდი ხელს არ უშლიდა, დილა-საღამოთი დიამბეგი ჩაის აქ შეექცეოდა, აქვე ისადილებდა და აქვე წაიძინებდა ჩრდილ-ქვეშ. ეს ხასიათი ჰქონდა. მოჩივრებსაც აქვე მიიღებდა. ბედნიერი კაცი იყო სარდიონი და ბედნიერადაც ჰგრძნობდა თავს. მაგრამ მისმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. ვისი ბრალია? მე არ ვიცი, თქვენ თითონ განსაჯეთ. ვიტყვი მხოლოდ, რომ საბაბად კაჭკაჭის ქურდბაცაცობა გახდა.. იქვე ბაღჩაში, ერთ ბებერ ჭერამზე კაჭკაჭმა ბუდე გაიკეთა: შიგ სამი კვერცხი ჩადო და სამი ბღარტი გამოჩეკა. როგორ უყვარდა კაჭკაჭს თავის შვილები! როგორ ეალერსებოდა, როგორ უფრთხილდებოდა, თავს ევლებოდა; გაფაციცებული აქეთ-იქით აწყდებოდა, რომ საზრდო არ დაეკლო შვილებისათვის; რა წამს იშოვიდა რასმე საჭმელს – მიურბენინებდა თავის ბღარტებს. უნდოდა დაესუქებინა, დაეშვენებინა შვილები, მაგრამ თან ეშინოდა კიდეც, რომ ბუდე არავის შეენიშნა, ამიტომ, როცა ბუდეში იჯდა, კრინტს არ დასძრავდა და შვილებსაც კი უშლიდა: ნუ ჟღურტულებთო. ისინი მაინც თავისას არ იშლიდნენ, ასტეხდენ ერთ ჟივილ-ხივილს, როცა-კი დაინახავდენ დედას, რომელიც იმათთან ბრუნდებოდა ნანადირევით. სარდიონმა არ იცოდა კაჭკაჭის დასახლება მის ბაღჩაში, რადგან იგი მაღლა არ აიხედავდა, იმდენად თავს არ შეიწუხებდა. ისიც კარგად იცოდა, რომ ღმერთი სწყალობდა მაინც-და-მაინც. მაშ რა საჭირო იყო მაღლა ცქერა? ხოლო კაჭკაჭი ყველაფერს ჰხედავდა, რაც ბაღში ხდებოდა. ადევნებდა თვალს დიამბეგის ქეიფს და განცხრომას. რამდენჯერ მოსვლია კაჭკაჭს პირწყალი, როცა დაუნახავს დიამბეგი ბატკნის ან ინდაურის კანჭის ხვრაში, და უთქვამს თავისთვის: „ახ, ნეტავი, ჩემ შვილებს მოუტანაო!“ ერთხელ დილით, ჩაის შემდეგ, მსახური დიამბეგს საუზმეს უმზადებდა: გადაფინა სუფრა სტოლზე და მოიტანა დანა-ჩანგალი, პური, ყველი და გაბრუნდა სხვა სანოვაგის მოსართმევად. დიამბეგი ამ დროს გაფხორილი ხეივნის ქვეშ დასეირნობდა. კაჭკაჭმა დაინახა სუფრაზე ყველი და პური. სიმსუნაგემ სძლია და მასთან შვილების სიყვარულმა. ჩამოფრინდა, სტაცა კლანჭები ერთ ნაჭერ ყველს და მიურბენინა თავის შვილებს. ბღარტებს ძალიან გაეხარდათ. იამათ, მაგრამ ვერ ეყოფინათ. დედა ისევ გაფრინდა სხვა ნაჭრის მოსატანად. ის-იყო, დააფრინდა ყველის ნაჭერს, და დიამბეგმაც სწორედ ამ დროს არ შეასწრო თვალი! – სოსიკა, ზაქარა, ბერუა, თედუა! ყვიროდა გაბრაზებული სარდიონი: – ბიჭო, ბიჭო, მოდით აქ! ჩქარა მორჩით! არ გესმით, რომ გიბრძანებთ? და ვიდრე ბიჭები იახლებოდენ, დაუწყო თითონ ქვებსა და წიწკრებს სროლა, რა დაინახა ჭერამზე ბუდე, შიგ ბღარტები და მათ გვერდით კაჭკაჭი, მისი ყველის ქურდი. დედა არ ინძრეოდა, ვერა სტოვებდა შვილებს, თუმცა სარდიონის ნასროლი კენჭები ხან ბოლოში გაუბზრიალდებოდენ, ხან მხრებში… – ჰაი, შე წყეულო, შე შეჩვენებულო! – უყვიროდა დიამბეგი კაჭკაჭს: – ჩამოაგდე ყველი, გიბრძანებ, ჩამოაგდე! დიდკიზიროკიანი და ვეებერთელა-კაკარდიანი ქუდი უკან კეფაზე ჰქონდა გადაწეული და ძალაუნებურად კადრულობდა მაღლა ცქერას. რაკი ვერაფერი შეასმინა ძირიდან კაჭკაჭს, მოიწადინა მაღლა ასვლა. აბობღდა ხეზე, ბიჭებს აღარ უცდიდა, უნდოდა თავის ხელით დაესაჯა თავისი შეურაცხმყოფელი. საწყალმა კაჭკაჭმა რა იცოდა, თუ თავზე ასეთი უბედურება დაატყდებოდა?! რომ სცოდნოდა, ახლო-კი გაუვლიდა დიამბეგის სუფრას? არ ეგონა, თუ ეწყინებოდა სარდიონს ყველის მოტაცება, რადგან იცოდა, რომ სარდიონს ყველაფერი ბევრი ჰქონდა და დიდი კაციც იყო. რას იკადრებდა კაჭკაჭის დასჯას ერთი ნაჭერი ყველის გულისთვის! არ ეგონა, მაგრამ მოსტყუვდა. სარდიონი თითონ ვერ აბობღდა ხეზე, ჩამოვარდა დაბლა და კინაღამ თავპირიც დაიმტვრია, – უფრო ამაზე გაბრაზდა. ან კი რას ავიდოდა ხეზე მისი ფაშვის პატრონი? ქშინავდა დიამბეგი, შუბლზე წურწურით ოფლი ჩამოსდიოდა, ისე დაღალულიყო. დიაღაც არ ეგონა კაჭკაჭს, თუ სარდიონი თავის დიდკაცობას ამას აკადრებდა; ის ჰფიქრობდა, რომ დიამბეგი სულგრძელი იქნებოდა, და როგორც თვითონ ებრალებოდა თავის ბღარტები და უყვარდა, სარდიონიც ისე შეიბრალებდა. მაგრამ მოსტყუვდა. – მოდით, მოეთრიეთ ჩქარა!.. არ გესმისთ ჩემი ბრძანება, ბიჭო?! – ყვიროდა სარდიონი. – მოდით და როზგებიც მოიტანეთ თანა.
1 / 6
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/prose/1c-qudovani-motxroba

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა