ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ქორო, დამეხსენ

(სიმღერა) ქორო, დამეხსენ, რას მერჩი, რად მიწიოკებ ქათმებსა? სულ რომ გასწყვიტო ღივადა, ვისგან-ღა ელი ქრთამებსა? დამეხსენ, თუ გწამს უფალი, სისხლს ნუ ამიმღვრევ ავადა, თორემ გავმართავ ხირიმსა მოსისხლის გასამწარადა. მერჩი? მეც გერჩი. მაშ რა ვქნა? ესღა მიცნია წამლადა: ვაჟკაცი, ჯიშით ქებული, ხომ არ გავხდები ქალადა? ხომ იცი, იმავ თავითვე, ხელის მაბრუნვა მტრისადა, მოკეთისათვის დახვედრა, ქართველს მოუდის ჯიშადა! რატომ არ იცი, უგნურო, მეც დროს შეგირჩევ მარჯვესა? თოფს დაგკრავ, სამუდამოდა გამოეთხოვო ქათმებსა. ჰმტკივნობდე წყლულსა, ჰნანობდე სიცოცხლეს განამწარებსა, თავის უმსგავსსა საქციელს, მსხვერპლს, შენგან განატაცებსა. დღემდე თუ არა გითხარი, ვითმინე შენი ბეგარა; დღეიდან მეტის-მეტს სჩადი, ვეღარ გეძმობი, ვეღარა! უსაზღვროდ ავის ჩამდენი სხვას რას მოელი ჩემგანა? რასაც მაგ ქცევით მოიგებ, კიდევ გაიგებს ქვეყანა. დღემდის თუ ვქარაფშუტობდი და არ გიგმობდი კლანჭებსა, დღეიდან თავის სვე-ბედზე აღარ დავხუჭავ თვალებსა. დამეხსენ, არ გაგიმეტო მოსაკლავ-დასათოფადა, მიყუჩებული ნაღველი არ გადმიქციო ცოფადა!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ქორო, დამეხსენ | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში