სიმღერა
ქორი
შემოგვეჩვია წყეული,
გაგვიჩანაგა ჭუკები,
თავზარი დასცა ქათმებსა,
დაგვიწიოკა კრუხები.
იხელთებს დროსა, დაუტევს,
რა ქათმებს იგდებს ბრჭყალებში,
მიფრინავს გახარებული,
მიარბენინებს ჭალებში.
გოშპარა მისდევს ყეფითა,
მიჰკიჟინებენ ბალღები;
ამაოდ ვიშ-ვიშს მოჰრთავენ
გაღმა-გამოღმა ქალები.
გაგვიჩანაგა ქათმები,
გასწყვიტა ქათმის სინსილა.
მუდამდღე ოროლს იტაცებს,
ვეღარ გავზარდეთ წიწილა.
ცოტაღა დაგვრჩა ქათმები:
ორი თუ სამი დედალი.
გვეზრდება ქორის ნაგაზი
ერთი პატარა მამალი.
სამჯერ ქორს დავაგდებინეთ
და დღეს იზრდება კვალადა,
წითლად და ყვითლადა ღვივის,
კარგია თვალად, ტანადა.
თავზე ჯიჯლიბო დაეტყო,
აღარა სცემენ დედლები,
ურჩება ქორის ნაგაზი
დაწყლულებული გვერდები.
მამლობას ჰბედავს ჩიორა,
ჰყივის, თან სძაბავს კისერსა;
ჯერ ხმა არ დაუწმენდია,
ძალას ვერ იჩენს იმდენსა;
ყანყრატში ხრინწი ედება,
მითც ჰყივის მამლის ჰანგზედა;
ხან შეფრინდება ღობეზე,
ხან გადმოდგება ბანზედა.
დედლებიც, როგორც უფროსსა,
იმას დასდევენ კვალზედა.
ქათმების ციხე-ბურჯია,
მუშის სიფხიზლის წამალი,
მთელი სოფელი იღვიძებს,
როცა იყივლებს მამალი.
ქორს კი ჯავრი სჭირს მამლისა,
მუქარას უთვლის შორითა.
თოფი რად უნდა, ან ხმალი?
ნისკარტით, კლანჭით ორითა.
ადევნებს თვალსა ჩიორას
მახლობელისა ტყიდანა,
დროს ეძებს, იგდოს კლანჭებში,
ჩამოუქროლოს ციდანა.
იჯდა ჩიორა ღობეზე,
თავმომწონედა ჰყიოდა.
ფრთა-ბუმბულსა და ნისკარტზე
თვალ-მარგალიტი სცვიოდა.
ჩამოუქროლა ლეგონმა,
უნდოდა ხელად წაეღო,
ეწიწკნა თავისებურად,
სულ ნაცარ-მტვერად გაეღო.
ჩიორა შამბში გადუხტა,
ქორი მარგილზე დაეგო.
ჩვეული მტაცებლობასა
მტაცებლობაზე წაეგო.
თვალებს მრისხანედ ავლებდა,
საბრალოს პირი დაეღო.
ქათმებს კი ქორის სიკვდილით
ელხინათ, რაკი გაეგო.
უცქერენ გაოცებულნი,
შეექნათ კურკურ-თათბირი.
„გავიმარჯვეო“-ს ძახილით
მთა-ბარს სძრავს მამლის საყვირი;
მეზობლის ქათმებისგანაც
მოლოცვა მოსდის ათ-პირი.
[1908 წ.]
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა