პოეზია
ქებათა–ქება (მეგაზეთენი შეყრილან)
მეგაზეთენი შეყრილან,
მღერიან „დელი-დელასა“.
გადავაყოლე ოცნება
მათ ხმას და გულის ძგერასა:
შიგა-შიგ ვიღაც აფუჭებს
ამ ხმა-შეწყობილს მღერასა.
მომეცით ამის პასუხი,
თქვენი შვილების ლხენასა:
უმრავლესობა რომ სწყევლის
დათვსა, მგელსა და მელასა,
სხვებს რაღა ღმერთი უწყრებათ –
ღმერთს სთხოვენ მათთვის შველასა?!
ცას ეწევიან, როდესაც
წიწილა მიაქვ ძერასა.
და არც ირცხვენენ გაზეთში
თავის ნაგრძნობის წერასა.
მაშ ყველა მეგაზეთეცა
არა ყოფილა სწორია:
ნამდვილი ქვეყნის ერთგული
იქნებ ათასში ორია.
რას აწყენს, როგორც დათვს და მგელს,
იმათაც მოჰხვდეთ ტორია?!
მართალი უთქვამს, ვინცა სთქვა:
„კაცით კაცამდე შორია!“
რა ვუთხრა იმათ, ვინც უთმობს
სხვას მამა-პაპის კერასა?
ვერ არგებს კაცობრიობას
იგი თვის დღეში ვერასა.
თავის სამშობლოს დამთმობი
სხვაგან რომ ცდილობს პოვნასა,
თან გადაჰყვება საწყალი
პირველის მსგავსის შოვნასა.
არავინ იცნობს ღირსადა
იმის ღაღადს და თხოვნასა,
შესწირავს იგი სიცოცხლეს
თავის გაკიცხულს ხსოვნასა.
როს მოჰყოლია სიცოცხლე
მკვდარის მშობელის გლოვასა?!.
ქალაქში კეტის ტრიალი
დაბა-სოფლებსაც ეწვია:
უტყაპატყუპოდ არ დარჩა
ადგილი ერთი ბეწვია.
ზოგნი ამბობენ: „ვეხვეწეთ
და ღმერთმაც შაგვიხვეწია,
სხვა ვინ შესძლებდა ამ საქმეს,
იმ დალოცვილის მეტია?!.“
ზოგნი ამბობენ, რომ ვითომ
მიწაზე მოდის კეტია
და ყველა მიწის ღვაწლია,
ვისც რამე მოგვიხვეტია.
ავი და კარგი ზურგთ ჰკიდავ
ყველა, რაც დასაკვნეტია;
„საკნატურები“ „ბუნტსა“ ჰშობს, –
სხვა რა ვსთქვათ ამის მეტია?!
მიტომ უბარებს ქათმობა
ქორს: „ფრთები შაიკვეცია,
გიცანით, ვინცა ბრძანდები,
ნუღარ გგონივართ ბეცია.
გეყო, რაც დაგვაწიოკე,
რაცა გვწეწე და გვეცია.
რამდნის ჩვენს ნათესავისთვის
გვერდები დაგილეწია!“
ქათმებიც მიწამა შობა
და ქორიც მიწის შვილია,
არ მოჰშლის უდიერობას,
თუ კი არ გააფრთხილია,
ზოგჯერ არ დაუტატანე,
ზოგჯერ არ გააწბილია.
მაგრამ ოხერი სიცოცხლე
რომ ყველასათვის ტკბილია!
ყინვა-ზრობაში ქვასაც-კი
ადგილი უყვარს თბილია.
გაზეთი ქადაგებაა
და ქადაგება – გაზეთი.
თუ ნიადაგი არა აქვს,
ჩალად არა ღირს არც ერთი.
ერთი მითხარით, გეთაყვათ,
„ბუნტაჩიკია“ მაშ ღმერთი?
გამხნევებულთა ამისგან
მღვდლებმა ამართეს ჯვარია
და აღნიშნული ღვთისაგან
ჰსურდათ ეყარათ ჯავრია.
მაგრამ უყურეთ განგებას!
გარს შემოერტყათ ჯარია,
ყველა გასასვლელს ეძებდა:
„საითკენ არის კარია?“
ფარად მიაჩნდათ, მფარველად
სამღვდელოების გვარია.
აქაც განგების ღალატი:
შოლტის, მათრახის ჩქამია.
აზრის და გრძნობის თელვაა,
ძალიან ცუდი წამია.
ნუ გეგონებათ, გათენდა,
ჯერ ისევ ბნელა, ღამია.
როდი დაიტევს სტომაგი
თუ ბევრს ჰსვამ, ბევრი სჭამია.
ყველამ დაიცვას, სჯობია,
თვისი კერძი და ჯამია.
სხვა კერძს შეგიჭამს, იცოდე,
შენ დაგრჩეს ქვიშა, ლამია.
ძნელია, როცა ჭამის დროს
კაცს სხვაზე ჰრჩება თვალია.
მხოლოდ ილოკდეს თითებსა,
ძალიან შესაბრალია!
პოლიციელნი შეყრილან,
სულ სხვა ჰანგზედა მღერიან.
თავის ხსნას გაჭირვებისგან
მათრახისაგან ელიან.
პირი აქვთ განმტკიცებული
და ერთმანერთსა ჰშველიან.
ზოგი ძუძუს სჭრის დედასა,
არ ჰკრთება, არა სცხვენიან.
გიკვირთ? არ მიკვირს მე ჩემად:
მეტად არ უჭრის ტვინია.
ვერ მოჰშვებია იმ ქცევას,
რაც ერთხელ დაუჟინია?
კუდს იქნევს ლუკმა პურისთვის,
როგორც მსუნაგი ფინია.
ის როდი იცის რეგვენმა,
სიმართლის ბოლო მტკიცია.
ვინ შესცვლის იმას, რაიცა
ცხოვრების დანამტკიცია?!
იციან ჭკვაზე მყოფელთა
და მეც ეს კარგად ვიცია.
რას იზამ, ზოგს რომ არ სჯერა
ჩვენი რჩევა და ფიცია.
ვიძახით, ბევრის ძახილით
ყელში გაგვიჩნდა ხრიწია:
„მგლის ლუკმად ხდება, დედისა
წინ მორბინალი კვიცია!“
მაშ სჯობს, რომ დასდგე, კალამო,
და შენც დასდუმდე, ენაო?
ვერა, ვერა დროს! მინამდე
ცად გვიწევს აღმა-ფრენაო.
გვჭირს ჭირი უნელებელი,
არ დაგვხშობია სმენაო.
ვერაფერს გიზამსთ, გამხნევდით,
კუდა-ძაღლების ღრენაო!
ტანზე ჩაიცვით ბეგთარი
და კლდე შემოსოს რკინამა,
ცოდვა და მადლი ღამისა
იანგარიშოს დილამა.
გზა გაუნათოს სანთლითა
უნდა უკანას წინამა,
ეგებ სიცოცხლე დაიტყოს
მამა-პაპათა ბინამა!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა