პოეზია
ქებათა-ქება (ხელში ავიღებ ჩონგურსა)
ხელში ავიღებ ჩონგურსა,
მინდა დავმღერო ლაღადა, –
თითები აღარ მომყვება –
გული არ არი საღადა,
გადაქცეულა ნაოხარ
გააბეჩხრებულ ბაღადა.
მიყვარს საგმირო ჰანგები,
სიტყვა და აზრი ციური,
მაგრამ გულს იქით არ მიდის
გრძნობა და ფიქრი ღვთიური;
ფრთებს მიკვეცს აღმაფრენასა
ამბავი ყოველდღიური.
მოძმეთ გონების სიმაღლე მწადდა,
იმათ გრძნობათა და ფიქრთ დიდობა.
ვერაფერს გავხდი, ვერვის რა ვარგე,
გულს დავუკარგე რისთვის მშვიდობა?
რისთვის მეწადა ასეთი ქცევა,
სიყმილი მკლავდა ძმათა რგებისა,
ეს იყო ჩემთვის ბედნიერება,
ეს იყო ჩემთვის ყოფნა შვებისა.
და დღეს ისა მკლავს, გულს ის მიქენჯნის,
ცუდივ ამბავი მესმის ძმებისა.
გუთნისდედისა ყოფნა იფიქრეთ,
ნახოს ზაფხულში ხნულები მისა,
გაფხავებულის ნამგლით მივიდეს,
დრო მოსულიყოს ყანების მკისა,
და ყანის ნაცვლად ხნული დაუხვდეს
გადალესილი ქვიშა-ლამითა…
მაშ არ აევსოს მშრომელსა გული
ბედისა მდურვით, ნაღველ-შხამითა?
გელით – არ მოხველ, მთვარეო,
ცრემლი წინ გვიდგა გუბედა,
შავი მოერტყა ნისლები
ჩვენს უბედურს ბედს ზღუდედა.
ვსტირით, ტირილი არას გვშველს,
დავცურავთ ნაღვლის ზღვაშია;
შინა არ გვეშინავება,
არც გვასვენებენ კარშია,
ჩამწარდა ჩვენი სიცოცხლე
ყოველგან, მთა და ბარშია.
მკლავიც გაცუდდა, გონებაც,
ჩვენთვის ორივე მკვდარია.
ყვავ-ყორნის საბუდრად იქცა
ჩვენი სახლი და კარია.
მოვემწყვდით ორ წყალ შუაში,
აღარსად ჩვენთვის ნავია;
დაგვაწვა თავზედ ღრუბელი,
როგორც ნახშირი შავია;
არ ვიცით, ჟამ-კარ არეულთ,
სით დავაღწიოთ თავია.
სიყმაწვილის დრო წავიდა,
გამომერია ჭაღარა,
რასაც სიყრმის დროს ველტვოდი,
მითომ მიყვარდეს აღარა?!
გუნება გუნებად დარჩა,
თუმცა-ღა მოიმთაბარა,
არ მომრჩენია, ისევ მჭირს,
გულზე რაც მჭირდა იარა.
შავაჟღარუნებ ფანდურსა,
თუ ჟინმა წამომიარა,
მაგრამ ეს არის სადარდო –
თქმა არი, საქმე-კი – არა…
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა