პოეზია
ქებათა-ქება (რედაქტორებით გაივსო)
რედაქტორებით გაივსო
ეს ჩვენი დედა-ქალაქი.
მსურველიც კიდევ ბევრია,
ვით გაზაფხულზე ბალახი.
ყველას იშტა აქვს აღძრული,
რომ გადავიდეს მალაყი,
ოღონდ კი გამომცემელი
შეჰხვდეს, გადაჰკრას არაყი.
ხელისმომწერი თუმც არ ჰყავთ,
ჰფიქრობენ, მისცემთ ალლახი.
ვიღვიძებთ, წინ მივისწრაფით,
დავრწმუნებულვარ ახლა კი:
მარსელიეზას მღეროდა
იმ დღეს მიხაკა დალაქი.
ჭკვიანს ჭკვას აღარ ჰკითხავენ,
მიტომ რომ ყველა ჭკვიანობს:
დარბაზში ვინმე ბრძანდება,
თუ ქუჩა-ქუჩა ყიალობს.
დიაკვანს მღვდლობა სწადიან.
ურჩობს და აღარ დიაკვნობს,
ფრთებ-შეკვეცილი და კუტი,
შეხედეთ, როგორ ფრთიანობს!
ბრიყვი, უზრდელი მოვახშე
თავს გვიკრავს, თავაზიანობს.
მოდის ახალი დროება,
მოდის და აღარ გვიანობს.
მე დიაკვნების ჯავრი მაქვს, –
იმათ ქცევის და ხრიკისა.
რაკი დაჰხედეს დროებას,
ბოძები დასჭრეს „ფიცისა“.
ვინც მეღორედაც არ ვარგა,
დღეს ის ხუცესად მიდისა;
საით და როგორა ხდება,
ეს ყველამ კარგად იცისა.
რად ავიწყდებათ ანდაზა
დედის წინ მხტომის კვიცისა?!
ვინაც მოძმეთა ჰღალატობს,
შესაჭმელია მიწისა.
ცუდი დროება დაგვიდგა,
ძალიან ცუდი დარია:
თაგვები კატას არჩობენ,
ტურამ ლომს ხელი დაჰრია.
ქორი დაქოჩრა ქათამმა,
ომი შაექნათ ცხარია.
საგმირო საქმეებს სჩადის
ინდაურების გვარია.
გალახეს, ჯვარზე გააკრეს
აზრი და სამართალია.
რიონი უკან გაბრუნდა,
იმას თან მიჰყვა მტკვარია,
აღარ სწადიანთ იდინონ,
ტალღები შედგა ჩქარია.
მცხეთას ატირდა არაგვი,
ცრემლები მოსდის ცხარია.
მხოლოდ არ სჯერა უბირსა,
რომ დიდი მოვა ღვარია,
დაგუბებული მდინარის
წამოსვლა შესაზარია!
ღობეს ავლებენ უბირნი,
რომ დაუკეტონ მსვლელობა;
შეუძლებელის შეძლება
არის იმათი ხელობა.
დღევანდელი დღის შვენება
ალაღებს მხოლოდ ვირებსა.
აღმოსავლეთით გვპირდება
მზე ისევ თავის სხივებსა.
იქითკე ცქერა მწადიან
გულ-მოკლულს, ანატირებსა,
იქ ვგუობ მხოლოდ წამალსა,
ის მომხსნის თავით ჭირებსა.
როგორც გუშინა, ისე დღეს
ვენაცვალები გმირებსა.
სალამს ვუგზავნი შორითა
იმ კარგს მამულისშვილებსა.
[1906 წ.]
შენიშვნები და ვარიანტები:
ხელნაწერი: ავტოგრაფები: ხელნ. ინსტ., ვაჟას ფონდი, № 133 (B) და № 180 (C); ლიტ. მუზ., № 15655 (D).
ნაბეჭდი: გაზ. „მეგობარი“, № 75, 1906 წ. 25/XII, (A).
სათაური: სიმღერა D.
როგორც ავტოგრაფების შედარებიდან ირკვევა, ლექსს საბოლოო სახის მიღებამდე მრავალგვარი ცვლილება განუცდია. ყველაზე ვრცელსა და ნასწორებ ვარიანტს წარმოგვიდგენს C ავტოგრაფი, იგი იმდენად განსხვავდება ნაბეჭდი ტექსტისაგან, რომ თვალსაჩინოებისათვის აქ მთლიანად მოგვყავს:
ქებათა-ქება
რედაქტორებით გაივსო
ეს ჩვენი დედაქალაქი.
პროგრესის გზაზე დავდეგით,
დავრწმუნებულვარ ახლა კი:
მარსელიოზას მღეროდა
იმ დღეს მიხაკა დალაქი.
———
უცხო აზრებზე დამდგარა,
ჰყურობთ, სოფლელი ტეტია:
ტურა-მგლებს ემუქარება,
მოუღერია კეტია;
იძახის დაუღალავად,
თითქოს არ იყოს ყბედია.
საკმაო მიწა მომეცით,
არ მინდა მაგის მეტია.
რადა გწყინსთ, ცოტა ხანს მენაც
მწყალობლად მყვანდეს ბედია,
შვილი გავზარდო სკოლაში,
სწორედ ვილოცო ღმერთია,
ცოლს კაბა გამოვუცვალო,
ტიტველი უჩანს გვერდია.
მოსულს დაუხვდე სტუმარსა,
როგორც რიგი და წესია.
ჩემია, არავის მივცემ,
რაც მიხნავ, დამითესია.
რა დავუშავე ღმერთს ან კაცს,
რადა, რისთვის ვარ ესია?!
თქვენ ჰყვავით ატამივითა,
მე კი მიხმება ფესვია!..
წყლულად ჩამეჭრა ეს ფიქრი,
ჭირივით გადამესია.
ნუ მაქნეინებთ ავ საქმეს,
ვცხოვრობ, ვეკრძალვი უფალსა,
თორემ თუ ერთხელ გავჯავრდი,
ასად აგირევთ სუფრასა.
———
მღვდელ-დიაკვნებიც აღელვდენ,
„ძირს“ და „ერთობის“ ხმაზედა.
ხუცესმა თვალები ჭყიტა,
ხელი იტაცა თმაზედა,
დიაკვანს დაუტატანა:
– სულელო, მოდი ჭკვაზედა!
ჩვენაც ფერხულში ჩავებათ,
ბიჭო, არ დავრჩეთ განზედა.
თორემ ბოლოს დროს გვეტყვიან:
„ეხლა მოჰბძანდით მზაზედა?
სად ბრძანდებოდით, ხალხი რომ
იდგა ერთობის გზაზედა?“
ხალხს უფრო შაუყვარდებით,
იფიქრე, მოდი ჭკვაზედა…
და თუ მოგვთხოვეს პასუხი,
ბრალი მივაგდოთ ხალხზედა.
მოჰყვნენ, დაიწყეს გალობა
ძმობა-ერთობის ხმაზედა…
ერთ-ორ დღეს ფიცი ასრულეს,
არას იღებდნენ მკვდარზედა:
„თქვენთან ვართ ჭირსა და ლხინში“ –
ხალხს ხელს უსვამდენ თავზედა,
და დღეს კი… ფუი, ეშმაკო!..
ხელი ავიღე თქმაზედა…
არ ვიტყვი, თქვენაც ნუ მკითხავთ –
რატომ, რისთვის და რაზედა?
რომ ჰკითხო: „მაგრე რად სშვრებით?“
ხელებს იდებენ ფაშვზედა…
———
ძმობა-ერთობამ რა შობა?..
იცით, როგორი დარია?
– თაგვებმა კატა დაარჩვეს,
ტურამ ლომს ხელი დაჰრია.
ქორი დაქოჩრა ქათამმა,
ომი შაექნათ ცხარია.
არწივსაც უნისკარტებენ
ყვავი, ყორანი, ვარია.
საგმირო საქმეებს სჩადის
ინდაურების გვარია.
რიონი აღმა მიბრუნდა,
იმას თან მიჰყვა მტკვარია.
აღარ სწადიანთ იდინონ,
ტალღები შედგა ჩქარია.
მცხეთას ატირდა არაგვი,
ცრემლები მოსდის ცხარია.
მკვდრის უარესი მკვდარი ვარ,
რა ვხედავ ასეთს სურათსა:
მხდალი გალომდა და ფრთები,
ვხედავ, ემტვრევა გულადსა.
———
უკუღმა ქვეყნის ტრიალით
ბევრსა სჭირს წყლული გულზედა.
მხოლოდ ზოგები მღერიან
ხელ-აღებულნი რჯულზედა.
„წყეულიმც არის, – ამბობენ –
ვინაც ქვეყანა არია,
მავნე აზრები დათესა,
1 / 2
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა