ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ქებათა-ქება (ქრთამი ვაძლიე მუზასა)

ქრთამი ვაძლიე მუზასა: ერთხელ მაინცა მნახევი. არ იქნა, ვერ მოვისყიდე, თვალით ვერ დავინახევი. სხვად ყოველი მხრით კარგი ვარ, მხოლოდ არა ვარ მგოსანი, მარტოკა ეს-ღა მაკლია, ბიჭი ვარ პატიოსანი. არაფრის დარდი არა გვაქვს, ოღონდ ვსვათ, ვსჭამოთ, ვიძინოთ, და როცა შეურაცხგვყოფენ, ხელ-უბრუნებლად ვითმინოთ. გავშალოთ სუფრა მდელოზე, ვიძახოთ ჰარი-ჰარალი!.. გზა-დაბნეულთა რად გვინდა, რომ გზა ვიცოდეთ სავალი. ის არ გვაფიქრებს, გვადარდებს – მტერი კარს გვადგა მრავალი; არც რო გვწადიან შევიტყოთ ჩვენის წყლულების წამალი! მთა მაღლა აყუდებულა, წარბ-შეუხრელად დამდგარა. ბარსაც არ გაუღვიძნია, სძინავს, ჯერ როდი ამდგარა. ორივეს თავზე დასცქერის ლურჯი ცა, ვარსკვლავიანი, ხან უწვიმს, ხანაც უთოვის, ხან დღე მოუვა მზიანი… ერთხელაც ვერა ირგეს-რა, მუდამ-დღე მოსდით ზიანი. კაცია ყველას წამალი, მიწა რას გვარგებს მთიანი, ან ხელუქნელი მინდორი, – შემკული, ყვავილიანი!.. დაჩერჩეტობენ მრავალნი, ატყაპუნებენ ყურებსა, ტყავი გააძვრეს ქვეყანას, ჯიბეს იყრიან ფულებსა… კაცებად იმათვე სთვლიან, ამ ხალხის მცარცველ თულებსა!.. ქვეყნის ჭკვა-გრძნობას რა ვუთხრა, ქვეყნის სამართალს მქისესა, – იუდას საკმელს უკმევენ, ჯვარზე აცვამენ ქრისტესა!.. ბრბო მაინც არ გათეთრდება, რაც უნდა ჰხეხო ქვიშითა, იმის სიყვარულს მოიხვეჭ მხოლოდ ძალით და შიშითა. სიბნელევ, გაქებ, გადიდებ, საქებარიც ხარ სწორედა, რადგან შენ დასდგი ცოდვები ციხე-გალავნად, ყორედა. რასა ჰყვირიან, ხალხსაო სიბნელე მოაშორეთა?! მცირეთა რით-ღა იხარონ, თუკი არ არის ბნელობა? ხომ წახდა სამუდამოდა ჯადოქარების ხელობა!.. დაბნელდი, კარგად დაბნელდი და დააბრმავე გონება… როცა ძლიერი სუსტს არჩობს, რომ მან არ იგრძნოს ღონება… შენ-კი, სინათლევ, ვერ გაქებ, რადგან ვერ იჩენ ღონესა, საცა შენ უნდა გენათა, ის მხარე დაიმონესა. გამარჯვებულსა აქებენ, დამარცხებულსა სძრახავენ, ტუსაღებს ბორკილს უყრიან, გადაცვალებულთ ჰმარხავენ… მიზანს და საქმის თვისებას საზომად არა ჰსახავენ. როგორ შეგაქო, როდესაც შენს შუქს ფეხითა ჰლახავენ! რა ხანი არის, ჰღონღალობ, ედები ღობე-ყორესა, – მაინც აჯობა სიმრუდემ მაგ შენს სამართალს სწორესა… დაჯექ, იტირე, საწყალო, თავში იეცი ლოდები… მაინცა გწუნობს ქვეყანა, შენ არვის შეეცოდები. ანგაარებავ, შენც გაქებ, რადგან ძალა გაქვს, მიტომა, შენ ბატონი ხარ ამ ქვეყნად, რაკი ეშმაკმა გიტომა. ჰხვეჭ, ჰყლაპავ, რასაც მოხვდები – რასაც მოავლე ლაშები. ბევრს გაუსქელე კისერი, ბევრს გაუდიდე ფაშები. ერთი აცეკვე, ამღერე, სხვა-კი ატირე ცრემლადა. ერთი ხომ კვერად აქციე, სხვა გარდაქმენი გრდემლადა. შენც ქვეყნად იხსენიები, ჰსაზრდოობ ქვეყნის ქონითა. დადიხარ დოინჯ-შემოყრით და გვემუქრები ღონითა; გახვალ-გამოხვალ მდინარეს აჩემებული ფონითა.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა