ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ქებათა-ქება (მოქუჩდენ ამრეზილები)

მოქუჩდენ ამრეზილები მხედარნი ოთხსავ კიდესა: მხარზე თოფები გადიგდეს, ფარ-ხმალი დაიკიდესა; არ მოველოდი, ძალათი მათ შარი გადამკიდესა. შემრისხეს ექსორიითა, თან ცრემლს აფრქვევდენ ღვარადა: „მთიდამაც უნდა გაგაგდოთ, ბინა აღარ გაქვს ბარადა!“ გალესეს ჭორის შუბები, ზედ მე დამაგეს ტარადა. ყველას ჩემს წყევლად იწვევენ, დადიან კარი-კარადა. საკირის ცეცხლი დაანთეს, ვეგულვი დასაწვავადა. მაგრამ ამითი ვერც მომკლეს. და ვერც გამხადეს ავადა, ჩემის დატანჯვის მსურველნი იტანჯებოდენ თავადა. ჩემი და მათი ამბავი თქვენც გესმათ კილო-კავადა… თეთრს თეთრი ჰქვია ყველგანა, შავი დარჩება შავადა!.. ციდამ რომ ნისლი ჩამოვა, დაეფარება მიწასა, ეს დრო წაუვა ერთხელაც, აღარა ფიქრობს იმასა. და ჩვენც ხომ ვიცით, დარი სდევს ქარიშხალსა და წვიმასა… მალე მზეს ვნახავთ ცაზედა წინანდლებრ სხივთა ფრქვევითა. მალე მელიაც მოკვდება ქათმის ძვალების რწყევითა. ვის მოვაწონებთ, ნეტავ, თავს ჩვენ ჩვენის ბილწის რჩევითა. ვერვინ მოიხვეჭს სახელსა მართალთ მტრობით და კბენითა, თუნდ ისეც წახდეს ქვეყანა, არც-კი ითქმოდეს ენითა. ბაბილონს ენათ არევა ჩვენი დროება მგონია: როგორც ერთმანერთს ვეპყრობით, რა ყურით გასაგონია?!. მდინარეს უნდა გავიდეთ, ვერ გვიპოვნია ფონია; უნდა ერთურთი ვითრიოთ, მეტი არ არის ღონია. ერთი რომ მეორეს ჰკილავს, მით ძალი შაუწონია. გამრავლდა ჩვენს ქვეყანაში მიკიტანი და ჭონია… მტერს-კი ვერა ვმტრობთ, თავიდან დავკარგეთ ჭკვა და გონია. დავჩერებივართ ჩვენს ყოფნას, – რა ფრიად დასაღონია!.. გადი-გამოდი, კალამო, გრძნობავ, შენ ბანი უთხარი! რით დავაჩუმო, არ ვიცი, გულის ტკივილი მდუღარი? რით მოვარჩინო სნეული, დაღონებული, მწუხარი?! ცივა და შეშა არ არის, რით გავახურო ბუხარი? რად სდუმდა, ნეტავ, მგოსანი, ქვეყნის ცოდვებზე მქუხარი?! შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენს ბედზე დაკერებული. გულს დავიმშვიდებ ბოლოს ჟამს, შრომაში დაბერებული. გულიც შენია, ლეშიცა, ულვაშიც შაღერებული. ვერ გაგცვლი მაინც სხვაზედა ბედისგან გახელებული. შენს ყოფნას ვადნობ თვალებსა, ვსდარაჯობ გამგელებული.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ქებათა-ქება (მოქუჩდენ ამრეზილები) | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში