პოეზია
ქებათა-ქება (მოდის გოჭობა, ბატობა)
მოდის გოჭობა, ბატობა,
ჯიგრაულთ კარსა მხვდებიან,
ვისთვის მიუდის პატრონებს,
საისკე ერეკებიან?
საისკე? – დუშეთისაკე:
იქ ვაჟკაცები ჰყივიან,
ქრთამად არავის გეგონოსთ,
მხოლოდ ძღვნად ელოდებიან.
პოსრედნიკი ჰყავთ დუშელებს,
ვით გაკრეჭილი ვაცია.
ერთია მხოლოდ სამთაგან,
თან გვაროსანი კაცია.
ხანდახან დოკუმენტები
„დელოდგან“ გაუტაცია.
ბევრი რამ შაჰრჩა, მხოლოდა
ერთხელ მე ხელი ვტაცია.
მრისხანედ შემომიბღვირა,
შემომიგინა ნაცია,
ჩემივე სისხლ-ხორცისაა,
თეთრია, როგორც ცარცია.
ვერ ჰნახავთ ერთხელ დუშეთში,
რა ეშმაკს გაუტაცია.
მომჩივანთათვის, უწყოდეთ,
შორსაა მისი სტანცია.
ვისიც გოჭია, „აქ მოდი“!
ხელცარიელებს – ბრანწია.
ქართულსაც უღმერთოდ ამტვრევს,
იძახის „გაცი, გაცია!“ –
შუბლი მთლად გაუბრწყინდება,
თუ ნახა ასიგნაცია.
საწყალს ჩვენს გლეხკაცობასა
ძალიან დაბლა დასწია.
არა სჩანს ადამიანი,
ზურგზე აჰკიდოს რანცია,
ზედ მისი გუდა-ნაბადა,
უთხრას: „ძმობილო, გნაცია!“
საცა გავხედავ, ყოველგან
სჩანს რეაქციის კლანჭია,
საწყლებზე იყრის ყველა ჯავრს,
ვისც სახე დაუპრანჭია,
თრთის და კანკალებს ჯირკვს ქვეშა
საწყალი კურდღლის ბაჭია.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა