პოეზია
ქებათა-ქება (მელო, შენ გაქებ იმიტომ)
მ ე ლ ო, შენ გაქებ იმიტომ,
ხრიკები იცი მელური;
იცი, სად სძოვენ ბატები,
სად ზის მამალი, ყვერული.
დაიპარები ჩუმ-ჩუმად,
სადავლოდ არჩევ ღამესა;
არ იქნა, სარჩოს ტაცება
ჯერ შენ ვერ ჩაგაშხამესა.
ძვირად გაებმი ხაფანგში,
სუნით ტყობულობ რკინასა…
შეჰხარი, შეტრფი, მელიავ,
ბატ-ინდაურთა ბინასა.
უცდი, სოფელი მანამდე
არ ამოუშვებს ხვრინასა,
სხვის ძილი, მელო, გაფხიზლებს,
ჩაგადენინებს იმასა,
რასაცა ჰქვიან ქურდობა –
სხვისა ამაგის ტაცება.
ერთხელ-კი, მგონი, შენაცა
ცოდვები ამოგშხამდება.
მ გ ე ლ ო, შენც გაქებ, რადგანაც
დიდი არ იცი მზადება, –
როცა-კი სადავლოდ მიხვალ,
მოტაცების დრო დადგება.
დღე-ღამეს არ აბედენებ,
თუკი თვალს მოჰკრავ ცხვარსაო,
დაეტაკები მგლურადა,
დღეს დააყენებ ცხარსაო…
დაგცალდეს… სრულად გამუსრავ
ათასს სულს ცხვრისა ფარასა,
და სულ-კი იმას იძახი, –
მე არ ვაშავებ არასა.
ც ხ ვ ა რ ო, შენც გაქებ იმიტომ,
ცხვარი ხარ გაუცხარები,
შენ არავის რას უშავებ,
სხვისაგან გაიმწარები.
შენ უნდა მხოლოდ ჰბღაოდე
და, თუ გაქვს, სძოვო ბალახი.
უნდა იმ გზაზე იარო,
რასაც გიჩვენებს ალლახი.
მუდამ ლუკმა ხარ ნადირთა,
უწყინარ-უჩივარია.
ეგ შენი გულისპასუხი
ბნელი და უჩინარია.
ტ უ რ ა ვ, მიყვარხარ იმადა,
ჩხავილი იცი ტურული, –
გიყვარს იქ ყოფნა, სადაცა
ტყე არის ჩამობურული.
ჯერ ხომ იჩხავლებ, იყვირებ,
და როს გასძღები მღერითა, –
წამოხვალ ვენახებისკენ
მოღერებული ყელითა,
ამშვენებ ღამის სიმშვიდეს
თავის ტურულის ფერითა.
თუკი რამ შეგხვდა მინდვრადა,
ან იქვე სოფლის პირადა,
მაშინვე დაისაკუთრებ,
ხელით წაგივა ძვირადა.
გიყვარს საწიწკნი ჩიჩია,
საკნატურები ძვალები.
სხვის სარჩოს მოსატაცებლად
ხარბად გიჭირავს თვალები.
დაჰღუპავ ოჯახის პატრონს,
წახვალ და დაემალები.
დ ა თ ო, დათურად გაზდილო,
მთა-ბარს დაჰდიხარ დინჯადა,
არ სტოვებ ჩაუყლაპავსა,
რაც ჩაგივარდა პირადა.
ძროხა, თხა, ღორი ქოსმანი –
ბევრი ჩაჰყლაპე, ბიძია,
გაგვიტიალე სიმინდი,
ხახვი, კომბოსტო, ქინძია.
თუმც ბევრსა გვპარავ, წყეულო,
გუდაში არა გიძია.
ზაფხულობით ხარ მაძღარი,
ზამთრობით გარჩობს შიმშილი,
ილოკავ თავის ტოტებსა,
შენ როდი იცი სირცხვილი.
ჰგდიხარ ერთ ადგილს დამპალი,
ვით ყუნჭი, ვითა მძორია,
გაქვს ბინად ამორჩეული
ერთი კლდიანი გორია.
მოიბღვირები მანდედან,
თავი ყეინი გგონია.
შემოგადნება ტანზედა,
რაც მოიკარი ქონია.
შენ თუნდა ნუ დაიჯერებ,
მე-კი ნამდვილად მგონია, –
არც შენ შეგრჩება ეგ ქცევა,
ბეჩავის დასაღონია.
ს ვ ა ვ ო, შე გაუმაძღარო,
რას დაჰლახლახებ ცაზედა?
ხელუყრელი ხარ, უჯიშო,
თვალი გიჭირავს მზაზედა.
თვალ-ყურს ადევნებ საქონელს,
გადაფენილსა მთაზედა.
შენ სხვას არასა ჰნატრულობ,
მარტო იმას სთხოვ ღმერთსაო,
რომ ცხენი, ცხვარი ან ძროხა
გადაიჩეხოს კლდესაო…
შენი აღდგომა ისაა,
ზედ დააფრინდე ლეშსაო.
შენ ბაიბურად არ მოგდის
მწყემსის ოხვრა და კვნესაო.
გასძღები, ისე გასძღები,
აღარ შეგეძლოს ფრენაო, –
თუ კაცი კეტით მოგადგა,
ძაღლივით იცი ღრენაო.
მოჰკვდები თავის მუცლისგან,
შე მუცელ-ღორო, შენაო;
გაძღომის მეტი, მურტალო,
ვერა ისწავლე, ვერაო.
წაბილწულია შენგანა
ფრინველთ ოჯახის კერაო.
არწივის გვერდით ხანდახან
შენც მოგწადდება ფრენაო.
რა უმსგავსი ხარ მაშინა, –
მაგრამ შენ როდი გჯერაო…
ერთი შენა ხარ ლამაზი,
მეორე კიდევ – ძერაო.
გ ვ ე ლ ო, გველურად დასცურავ,
უფრო ჰნადირობ ღამითა, –
შენს გულის წადილს ასრულებ,
როცა ვის სწამლავ შხამითა.
შენი ბუნება ესაა,
რომ სწამლო დედამიწაო.
მაგ შენის ყოფაქცევითა
ქვეყანა წაიბილწაო.
იმ თავით ბედნიერება
შენ არ მოსწამლე კაცისა,
და დღესაც არ დაგვიწყნია
ძველი ხელობა თავისა?!.
გ მ ი რ ე ბ ი ს სახე მიჩვენეთ
და მათ საქმენი ნათელი,
იკურთხოს თქვენი სიცოცხლე,
იკურთხოს თქვენი გამდელი!
გობრონო, ხმალი მიბოძე,
უნდა ვემთხვიო ფხაზედა,
ჯვარია ხმალიც, ნარტყამი
კარგის ვაჟკაცის ტანზედა.
ვაჰ, შენ დროებავ, რა გითხრა,
რისათვის გვტანჯავ, რაზედა,
რისთვის დაგვბადა უფალმა
ცოტანი ქვეყანაზედა?!
მაგრამ სიმცირეც არ გვიშლის,
სხვა მიზეზი გვაქვს წყეული:
ჩვენი გზა-კვალის ამრევი
რისთვის გვყავს გამოსეული?
ჯერ ისევ ბევრის წყლულითა
დაფარული გვაქვს სხეული,
ფეხზე თუმც დადის სუსტადა
ჩვენი დიდის ხნის სნეული.
ვერ ვხედავთ, ავდარს აპირობს,
ცაზე ირევა ღრუბლები.
ჩვენ ბაიბურად არ მოგვდის,
არხეინად გვაქვს გულები.
არც საფარს ვეძებთ, არა ვგრძნობთ –
ავდარს მოჰყვება ღვარები.
ნუთუ ვერ ჰხედავთ, არა გვაქვს
არსად თავშესაფარები.
ხმლები შამფურად ვაქციეთ,
ცეცხლზე დავურთეთ ფარები,
მინდვრად გუთანი დაგვიდგა,
ვეღარ შევაბით ხარები,
ჩვენვე დავლეწეთ თვითონა
ჩვენისა ციხის კარები.
საზარო არის, თუმც ზარსა
აღარ ამბობენ ქალები,
ცრემლს თაკილობენ, ვერ ჰყურობთ,
მათი ჟუჟუნა თვალები!
მიკვირს, ერთმანეთს რად უფრთხის,
1 / 2
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა