ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ქებათა-ქება (მავნე აზრებზე დამდგარა)

მავნე აზრებზე დამდგარა ჩვენი სოფლელი ტეტია: ტურა-მგლებს ემუქარება, მოუღერია კეტია. დაუღალავად იძახის, თითქოს არ იყოს ყბედია: „საკმაო მიწა მომეცით! არა მინდა რა მეტია. რადა გწყინსთ, ერთხელ მენაცა მწყალობლად მყვანდეს ბედია, შვილი გავზარდო სკოლაში, სწორედ ვილოცო ღმერთია, ცოლს კაბა გამოვუცვალო – ტიტველი უჩანს გვერდია; მოსულს დავუხვდე სტუმარსა, როგორც რიგი და წესია?! მშიერს მიხნავს და მომიმკავს, ნამგალი გამილესია, ოფლი მდენია ღვარადა, რამდენი დამიკვნესია! რა დავუშავე ღმერთს ან კაცს, რადა, რისთვის ვარ ესია?! თქვენ ჰყვავით ატამივითა, მე კი მიხმება ფესვია. წყლულად ჩამეჭრა ეს ფიქრი ჭირივით გადამესია. ნუ მაქნეინებთ ავ საქმეს, ვხათრობ, ვეკრძალვი უფალსა, თორემ, თუ ერთხელ გავჯავრდი, ავად აგირევთ სუფრასა! მღვდელ-დიაკვნებიც აღელვდენ, „ძირსო“, – ერთობის ხმაზედა. ხუცესმა თვალები ჭყიტა, ხელი იტაცა თმაზედა, დიაკვანს დაუტატანა: „სულელო, მოდი ჭკვაზედა, ჩვენაც ფერხულში ჩავებათ, ბიჭო, არ დავრჩეთ განზედა. თორემ ბოლოს დროს გვეტყვიან: „ეხლა მობრძანდით მზაზედა?“ ბოლოს მოვიგებთ, თუ ეხლა გავივლით ხალხის ჭკვაზედა. თუ დაგვემუქრა მთავრობა, ბრალი მივაგდოთ ხალხზედა“. ამიერიდგან დაიწყეს მღერა ერთობის ჰანგზედა. ერთ-ორ დღეს არას იღებდენ ცოცხალზედა და მკვდარზედა, და დღეს კი… ფუი, ეშმაკო! ხელი ავიღე თქმაზედა, ჰკითხავთ ცვალების მიზეზსა, ხელს დაიდებენ ფაშვზედა…
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა