პოეზია
ქებათა-ქება (დარბაისლურად ვწერდით, ვგალობდით)
დარბაისლურად ვწერდით, ვგალობდით,
უნდა-კი გითხრათ, ბევრსა ვწვალობდით…
გადარბაისლეთ, მკითხველო, შენცა,
სულ დაგავიწყეთ მიწა და ზეცა.
უნდა გასწავლოთ, მკითხველო ჩვენო,
ახლა ახალი „მამაო ჩვენო“.
სადარბაისლოდ არღა გვცალიან,
საქმე გაჭირდა ჩვენი ძალიან.
აღარ გვაშინებს ლეკ-ოსმალ-სპარსი,
გულზე მოგვედვა ამისგან ხავსი.
ავირიენით საქმით და ენით.
რა გავაკეთეთ? რა მადლი ვქენით?
სულ არაფერი… ბრბოს ისევ სძინავს.
ყურს ვუგდებ, მაგრამ ტკბილადა ხვრინავს.
ადე, გაინძერ! – ბევრი ვუყვირე,
სავაჟკაცოდა გული ვუკირე.
„დრო ვაჟკაცობის, – მან მითხრა, – მორჩა…“
თავის მართლების გაშალა ბოხჩა:
„ჩვენ კარგადა ვართ, თუ ჭკვა გვაქვს თავში,
თავისუფლადა მთასა და ბარში.
ვიშრომოდ მხოლოდ, გვქონდეს ქონება,
და არ დავკარგოთ ჭკვა და გონება,
არ გვაზარალებს ჩვენ სხვის მონება“.
ერი ასე სჯის თავის ყოფასა,
ვინ შესძლებს იმის აზრის გმობასა?!
ეჰ, დაესწარი, ჩემო მოძმეო,
მრავალს ახალს წელს, მრავალს შობასა.
აწმყოს ვაებით გულ-დაკოდილმა
გავშალე ისევ ძველი დავთრები,
და იქაც ვხედავ, ბლომად ყოფილა
ტურა-მელები, მგლები, აფთრები.
ვინ ვის ღალატობს, ვინ ვის თვალსა თხრის,
ძმა თავის ძმისას ძვალს იმტვრევს ცერზე,
და თავ-მომწონედ, ვით გმირთა-გმირი,
ხელს ისვამს შემდეგ ულვაშზე, წვერზე…
ბევრჯელ მომხდარა, რომ ძმას ძმის სისხლი
დაუქცევია სამშობლოს სერზე!
სულ დაგვფანტვია ჭკვა და გონება,
ხელი უღიათ სჯულზე და ღმერთზე,
სულ-კი იმიტომ, ხმალ-ამოწვდილი
ჯალათი გვედგა დამსჯელად გვერდზე.
გონება მიჰქრის ჟამთა სივრცეში,
იქ სული ჰპოვებს უკვდავებასა.
როგორც ცოდვილი ზიარებითა,
იქ-ღა ვპოულობთ წყლულთა შვებასა:
დიდებულ კაცთა დიდებულს მკლავსა,
ქვეყნიურს ღმერთსა – ქართლის დედასა.
სანამდის ვცოცხლობ, მე ვერ მოვიშლი
იმათ დიდებას, იმათ ქებასა!
იქიდან ისმის დიდის მგოსნისა
სიბრძნისა ზღვაში ჩამშვები ჩანგი.
რა ხანი არის, არღა გვსმენია
მის ობოლ ძეთა მისებრი ჰანგი!
დღესაქამომდე ჩვენს ჭკვა-გონებას
როდი მოჰხდია მონების ბარგი!..
დიდი ხანია, ძალიან დიდი,
რაც ვეღარ ვნახეთ ერთი დღე კარგი.
მაგრამ არ გავწყდით, არც გადავგვარდით,
მშობლიური ცა თავზე დაგვცქერის,
მრავალჟამიერ იყოს სიცოცხლე
ჩემის ქვეყნისა და ჩემის ერის!
უფლის ტრაპეზზე ჩვენდა სამხვეწროდ
დედა-ღვთისმშობლის სანთელი ნათობს,
არცროს გაჰქრება, მუდამ ენთება,
გზას ის გვიჩვენებს, ჩვენ გულს ის ათბობს,
და ჩვენს ოცნებას მომავალზედა,
ნაღვლით გამსჭვალულს, დღეს ის-ღა ატკბობს.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა