ვაჟა-ფშაველა
პოეზია

პროვინციის ქებათა-ქება

მარადის საქებარნი ვართ წყალ-ჭალა, მინდორ-მთებითა; ახალი თევზით, – კალმახით, ცივი, ანკარა წყლებითა. ნუნუა გვიყვარს… დაძვირდა, ცოტა ამაზე ვწყრებითა, რითაც იქნება ვიშოვით, კიდევაც დავითვრებითა. დავძახებთ „მრავალჟამიერს“, ძალიან კარგაც ვშვრებითა. აღარავინ გვყავს მშიერი, რაკი თითონა ვძღებითა. ვიგონებთ ქართველთ დაცემას, გულს ვინგრევთ მუშტის ცემითა. ვტირით და ვაღრჭენთ კბილებსა, დიდი არს ჩვენი გოდება; თანახმანი ვართ ამ დროსი მაღალ-დაბალი წოდება. მწერლები, ჩვენი მწერლობა მხოლოდ დღეს მოგვაგონდება; ვსვამთ იმათ სადღეგრძელოსა, მოგვწონს იმათი ხელობა. მათ ნაწერს თუმც არ ვკითხულობთ, შორიდან გაგვეგონება. გულის ნაგრძნობს და ჭკვის ნათქვამს საქმით ვინ დაემონება! ისევ ტირილი და ოხვრა, იმას რა შეეწონება?! ქართულს გაზეთებს ვიწუნებთ, ჟურნალებს ვიწერთ შორითა. ჩვენი სუყველა გაცუდდა, გაქონილია ქონითა; საუცხოვოა უცხოსი, შეკრული ვარდის კონითა. ვინ გავა, ვნახავთ ბოლოს ჟამს, მდინარეს ამა ფონითა. შემოიარა რუსეთი, ყოველი კუთხე იმისა. დღეს სამშობლოში დაბრუნდა, მზე ამოგვიხდა დილისა. „ერთ დროს მეც ვიყავ ჭაბუკი“. – მუდამ ამასა ჰყვირისა: „თავში მეც მქონდა „პრინციპი“ – საგზალი ერთი კვირისა. მაგრამ ამაო გამოდგა გრძნობა ქართველი შვილისა, კაცი ან უნდა თვრებოდეს, ან ყოფნა ჰქონდეს ძილისა. ან უნდა მოკვდეს უეცრად, დრო აღარ ჰქონდეს ფიქრისა: რად გაჩნდა, რისთვის იცოცხლა, ან სადა კვდება, რისთვისა?“ ესღაა ამისი რწმენა, ამითა ჰსუნთქავს იგია, ამიტომ ხშირად დახლში ზის, ბოთლები მოურიგია. ხელში უპყრია ჩონგური და ზედ დაჰმღერის ჰანგებსა. ჰსვამს ღვინოს, ჰყლურჭავს არაყსა, მღერის, ახარებს ბალღებსა. იქვე სწერს „სასუდიაო“, „სანაჩალიკო“ არზებსა. არც ვისა სწყევლის, არც ლანძღავს, არავის აძლევს ვნებასა. მაგრამ არავინ არ მოსწონს, არც ვისას გეტყვის ქებასა. თავის მძრახველის საუბარს ისმენს, ვით ძაღლის ყეფასა. სხვას არას ეტყვის, მხოლოდა ოდნავ მოიფხანს კეფასა. მთიდან დაიძრენ ხევსურნი დაბარგულ ჯორუკებითა, წინ მოუძღვიან რაინდნი ყველა ფარით და ხმლებითა. სად მიდის, ნეტავ, ლაშქარი? ჯორუკებს რაღა ჰკიდია? ლაშქარ გგონიათ? მოსტყუვდით, წუთისოფელი ფლიდია: ჯორუკებისა საპალნე – ერბოს გუდები დიდია. გამოვლეს დათვისის ჭალა, გამოვლეს ორწყალს ხიდია, „წურვილს“¹ ორ-ფეხას მიართმენ, იმისი ვალი ჰკიდია. ეს სხვა ორ-ფეხამ შეიტყო, კაცი გაჯავრდა მშვიდია: „მე რა მაქვს დანაშაული, თქვენ ტრფობას გულში ვზრდიდია? სულ წამოიღეთ, იქნება ხევსურეთს ერბო კიდეა? მე რომ მივიწყებთ, იცოდეთ, საქმე მოგივათ ფინთია; სად გაგონილა, პურის მფქველს წისქვილს არ ერგოს მინდია?!“ ატირდა ჩაფართა გროვა მოთქვამს ზარს ზარიანადა: „ნეტავი თავზე დაგვეცეს მთა-ღელე ბარიანადა, ეს ჩვენი ჯამაგირები შამცირდა გვარიანადა. გაფუჭდა ჩვენი ცხოვრება და ხმლები ტარიანადა. რისთვის გვიჭრიან ჯამაგირს, სულ ვიყვნეთ ხათრიანადა? გავჩუმდეთ, თორემ გაგვრეკენ, საქმე მოგვივა ცუდადა, გულში ჩავიკლათ ნაღველი, დავსხდეთ, ვიტიროთ ჩუმადა“. ატირდენ მედუქნეები, თანაც ფრიადა წყრებიან: „წავიდა ძველი ხეირი, დავიღუპენით ერთიან: მიირთვით რამე, დახარჯეთ“, – გამვლელებს ევედრებიან. გაკოტრებული ხალხია, ვის-ღა რად ეფერებიან?! „გაეშმაკებას“ გვიძრახვენ, ძლიერაც გვემტერებიან. ნეტავ რად გაჰკვირვებიათ „გაეშმაკება“ ობლისა. ბევრი ვაება იხილა, ზღვა დგას მის ცრემლის, ოფლისა, სიტყვაცა სჯერა, შევატყე, თავის კეთილის-მყოფლისა!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა