პოეზია
პოეტი და მისი ნუგეში
[ვაი] დავკარგე ტკბილი ნუგეში,
[მის სა]ძებნელად გავიჭერ ველად,
[უდაბუ]რ ტყეში, უღრანს ხევებში
[იმას] ვეძახი, გამხდარი ხელად.
ჩემს დარდს შევსტირი ბუნდოვანს კლდესა:
„[შენ] ხომ არ ჰმალავ ჩემსა ტრფიალსა?“
[შუბ]ლ-შეხმუჭული ის მიპასუხებს:
[„საქ]მე არა გაქვს, ეძებ ტიალსა!“
ტოტ-გადართხმულსა, ხავს-მოკიდებულს
მუხასა ვკითხე თვალ-ცრემლიანმა:
„მითხარ, გეთაყვა, შენს ფოთლებს შორის
ბინა ხომ არ სდვა ჩემმა ტრფიალმა?“
ქარი დაჰბერავს, ფოთოლთ შრიალი
გაიღუღუნებს წყრომით ჰაერში:
„უგრძნობელს ხესა არ სწამს ტრფიალი,
გასწი, ეძებე მგრძნობელსა ერში!“
გაშფოთებული მოჰქუხს მდინარე,
წყევლას უგზავნის მთასა და კლდესა,
იმის მფარველსა, ჩუმად მდგომარეს,
ნისლი ეხვევა უდაბურს ტყესა.
„ჰოი, მდინარევ, მთების მოზარევ,
ხომ არ გინახავს ჩემი ნუგეში?
შენი ზვირთები ჰგლიან იქნება
ჩემს მკვლელს განკიც. . . . . . . .
„ვნახე ადრიან დილას . . . . . . .
იქ იყო, მწარედ ტ . . . . . . . . . . .
გულზედ და პირზედ სი . . . . .
იბანდა წყლულებ . . . . . . . . . . .
ცხარე ცრემლს ღვრიდა, ხალხს ემდუროდა, –
არ მიწამაო ტანჯულმა ერმა,
მე იმის შორის ბინა არ მქონდა,
მხოლოდ მისტუმრა ერთმა თუ ორმა.
ჩემს კიდეებზედ კრიბა ბალახი,
მით წყლულებისა დაიწყო ხვევა,
ადგა, თვალები, სიწმინდის მსახი,
მოავლო გარე, გამომეთხოვა!“.
ვაიმე, ნუგეშო, რად ვარ ცოცხალი,
რომ ჩემის ცრემლით არა გბან წყლულსა,
და შენი წმინდა ღვთიური თვალი
არ გამიცოცხლებს ამ მოკლულს გულსა!
ნეტავი კიდევ ჩემი ნუგეში
ერთხელ მაჩვენა, რომ მოვეხვიო,
მით მძლავრად გრძნობა ამეძრას გულში,
დაბრკოლებანი მღერით ვარღვიო.
ამაოდ ვეძებ დაკარგულს გრძნობას,
[ვეღ]არ ვიპოვნი, რაგინდ ვეცადო,
ვიდრე არ ვნახავ სხვაგვარსა ხალხსა,
უნუგეშობის მკვლელად, მეხადო.
1884 წ. 17 ივნისს.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა