ვაჟა-ფშაველა
პოეზია

პირველი გაზაფხულის სურათები ბარად

ქერონა¹ მღერის: „დაწვიმე!“ აღარ აყენებს ენასა, შეჰხარის მეტისმეტადა ცის ნამის ჩამოდენასა; შაშვი ნატრულობს დილისას მშვიდობით გათენებასა, სამგლოვიაროდ მოსილი ჯაგზე დაიწყებს სტვენასა. „აყვავდით აი ჩემსავით!“ – შვინდი მისძახის თხილებსა. „დამასწარ ერთის კვირითა“, – ტყემალი უჩენს კბილებსა, უღიმის: „ნაადრეობა ძლიერ ნუ გაგაკვირვებსა! შენ აყვავებით დამასწარ, მე დავმწიფდები მალეო, ნუ მოგწონს თავი ძალიან, – ამ სამ თვეს დამაცალეო“. ყვავილი ამოუყრია წითელ-ყვითელი მდელოსა, წამოუშლია ფეხზედა ცად გადამავალს წეროსა: „დაცოცხლდით!“ დაუძახნია აბუეტს გასაშტეროსა… რასა ცოდვილობს ბეჩავი, ვინ აძლევს გასამრჯელოსა?! ღრუბლისთვისც შეუთხოვნია, რომ ნამით დაასველოსა; აჰსრულებია წადილი, კურთხევა იმის გემოსა! ნახოს და ვისაც-კი ძალუძს, დაჯდეს, კალმითა სწეროსა, რაც სარჩო ჰქონდა ბუნებას, ან რაც ტან-ფეხზე ემოსა. შეხე, კურდღელი მოუკლავ მაგ ბერიკიანთ ბეროსა: ჩაჰსაფრებია ჯეჯილში, ნაფლატის პირში ღელოსა, უნდა აგვიკლოს კვეხნითა, გასივდეს, გაიბეროსა! კალთაში მოუკრეფია სვინტრი და სატაცურია, შინ მოდის გახარებული, უკან მაჰყვება მურია, ამაყი, პატრონზე ნაკლებ არც იმასა აქვ გულია… იხილეთ, ბეროს ქოხშია როგორი ჟრიამულია!.. ხევსაც რომ მოუმატნია, ამ ჩვენს პატარას წყალასა! გუშინწინ ქოჩორ-დავარცხნილს ოთხის წლის ჰგვანდა ქალასა, ეხლა-კი ქვრივს ჰგავ კაპასსა, ებუზღუნება ჭალასა. ყველას შეჰმუსრავს, დაანგრევს, საცა მიიტანს ძალასა… სწორედ ყურები აგვწეწეს, იმდენს ჟივიან ჩიტები; აყრიათ ფრთა-ნისკარტებზე ციური მარგალიტები… ნელის ხმით, გაუბედავად ვენახში დვრინვენ გვრიტები; სდუმან და დასძინებიათ, არას ამბობენ ჩხიკვები: აუფხორიათ ქოჩორი, ჩამოუშვიათ ყიყვები, დაუჩაგრია წვიმასა ერთ დროს ყოჩაღი ბიჭები!.. გაჰსუქებია ბებერს ვაზს გამოტანილი კვირტები, – ქართველის კაცის სიცოცხლე, მისი გული და ფირტვები. ვაზის რძით უმსუბუქდება ცხოვრების მძიმე ტვირთები: მთვრალი თუნდ კლდეზე გადაგდე, თუნდ გვერდში სჩხვლიტე ხიშტები, – სიმტკივნეს როდი-ღა მტკივნობს, რაკი სილაღე ეწვევა… ღვინისგან მკვდარიც ცოცხალ არს და მძიმე უღელს ეწევა, არც არას უფალს უშავებს, ცა რისთვის გადაეწევა?!. ახლა სოფელიც ვიხილოთ, მოვნახოთ მისი საღები, აქამდე ტყე-ველი ვსინჯეთ, სოფლის გარშემო ბაღები, ახლა ვიგემოთ სოფლისაც ყოფნა და მაწონ-ნაღები. ჭიაკოკოლას ანთებენ, ზედა ხტებიან ბალღები, ეზოში ჯუჯულებითურთ მწვანეს ჰკორტნიან ბატები… მზის ყუდროს მისჩერებიან დედა-ბუდრიან კატები, კრუხი მოუძღვის წიწილებს, ხმას იბოხებენ მამლები: დიდის ოჯახის პატრონნი, ბევრის შვილების აღმზრდლები. ბატკნები დედებს უხმობენ, მათ ბანს აძლევენ ხბორები, ასტეხენ ბღავილ-ყვირილსა მინდვრით მოსული ძროხები. ბოსტნებში სამწვანილოდა სკაპი-სკუპობენ თოხები… ბარის ტარს სცემენ კალთებსა შავი და თეთრი ჩოხები. მუდამ ჟამს ჭირის მტვირთველნი დალაღებულან ქოხები; ისე სჩანს, ამწვანებულან შუა სოფელში გოხები, მიკვირს, რომ არსით გამოჩნდა მაგ გზირ-ნაცვლების ჯოხები?!. დამაშვრალთ დასძინებიათ, დაუთენთიათ სიცხესა; მოეზმანებათ „ბრძანება“, ბრძოლას ასტეხენ ფიცხელსა. ხმამაღლა დაიძახებენ: „ხალხნო, მოვიდა ბრძანება!“ იხილეთ მაშინ სეირი, კურდღლისთვის დატატანება! ვინ დაჰპატიჟა მერცხლებსა, რომ დაეძებენ ბინასა?! სახლებში დაფარფატობენ, ბუდეს ეძებენ წინასა. ყველა მშრალს ქოხს და ყუდროსა უხმობენ „თავის შინასა!“ იქავე, სოფლის პირადა, ბრალად ღრიტინებს გუთანი… სავსეა დედაკაცებით ჭორიკიაანთ უბანი. ილოცოს იმათ სულისთვის, ტარასტავ, მოძღვარს უთხარი. მზემ გარეთ გამოიტყუა, აღარ სჭირდებათ ბუხარი. დიდი რამ ჟრიამულია, დიდი ხმა ისმის მქუხარი. თავზე დასცქერისთ ნაშალი ძველი კოშკ-ციხე მწუხარი. ობოლსა, უპატრონოსა, ცრემლები მოსდის მდუღარი. მთა რაღას ამბობს ბებერი, ბარში რომ მიდი-მოდია? სწყინს და იჩმახავს სახესა, გალაღებული როდია! „ტიალ ზაფხულო, სადა ხარ, აქ ჩემთანამდიც მოდია! რით გავაჯავრე უფალი, ნეტავი, რითა ვცოდია?! რად არ მაკმავებს წაწყმედას, ნეტავ როდისა ვცხონდია?!“ სხვა მან რა იცის ბარისა – სიმწვანე სტაცებს თვალებსა; შურით დასცქერის შორიდან გაღაღანებულს ჭალებსა. სიმწვანით იცნობს გაზაფხულს, მითი მოიკრებს ძალებსა; გამხვალი თოვლი მოქანავს, ქუხილი მოაქვ ზვავებსა. გაზაფხულს ნატრობს ძალიან, როგორც ცხონებას მწირია. ჩირთი რომ იქაც მიაღრწევს, ვისთვის რა გასაკვირია?! ტყუილად ღონობს მოხუცი და ეჩმახება პირია, რომ მის ჭაღარის წინაშე ბუნება სალმით ძვირია, ვიღაცა ღლაპსა ჰმასპინძლობს, მთა-კი ობლადა ჰხირია.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა