პოეზია
პირველი გაზაფხული
გაზაფხულია. დაალბო
მიწა ჟუჟუნა წვიმამა,
ააბოჟირა ჩიტები
ამ გაზაფხულის დილამა.
ღმერთს მადლი გადაუხადა
ზამთრის ნატანჯმა ღილამა.
ამწვანდა ჭალის პირები,
კორდებს ამშვენებს ლუსუმა.
იამაც გამოიღვიძა,
წამოდგა, დაიკრუსუნა.
ეძინა მთელი ზამთარი,
ზაფხულის მოსვლა ელხინა,
წარმოსთქვა ნაზი, ტკბილი ხმით:
„რა დიდი ხანი მეძინა!“
თავს უკრავს პატარძალივით
უფალს მადლობის ნიშნადა,
რომ კიდევ იგრძნო სიცოცხლე
მკვდარმა ექვსის თვის წინადა.
რას იფიქრებდა საბრალო,
თუ მტერი ჰყავდა მზირასა:
იისა მოსაკრებადა
თამრიკო ადგა დილასა.
დაცუცუნებდა ტყეშია
იქავე, სახლის ახლოსა.
რა ია ნახა, გაწითლდა,
უნდა, რომ ხელი ახლოსა,
მოსწყვიტოს, გულში ჩაიკრას,
მერე წაუღოს დედასა.
იამ შეუტყო წადილი,
ბავშვთან საუბარს ჰბედავსა.
ი ა
გოგოვ, შე ცუგრუმელაო,
პატარავ, თითისტარაო,
რომ მოცუცუნდი ჩემთანა,
ნეტავ, ვინ დაგიბარაო?
მეც პატარა ვარ, ობოლი,
ლამაზო, ოქროს-თმიანო,
რა დაგიშავე ისეთი,
რომ გინდა დამაზიანო?!
ძლივ სადმე აღვსდეგ მკვდრეთითა,
საბრალოს ია მქვიანო.
სიკვდილი ძლიერ მაშინებს,
ვდნები და ვქრები შიშითა.
რად გინდა, სული დავლიო
ვაებითა და ვიშითა?!
თ ა მ რ ი კ ო
რა ვქნა, რომ ძლიერ მიყვარხარ
და მესიზმრები ძილშია.
მინდა გაკოცო ლოყაზე,
მასიამოვნო ცხვირშია.
განა საჭმელად მინდიხარ?
როდი ჩაგიდებ პირშია!
ი ა
რაკი მომწყვეტავ, მოვკვდები,
მერე რაც უნდა მიყავი,
ეგრე კი არა, რას გეტყვი:
მოდი, ჩემი და იყავი.
მუდამ დღე მოხვალ ჩემთანა,
შენ მე მაკოცებ, – მე შენა.
როცა მოგინდეს, რომ მნახო,
გამოიქცევი ჩემსკენა.
ლექსები ვიცი ტკბილები,
ზღაპრები ჯურა-ჯურაო,
სიამოვნების ცრემლი სდის,
ვინაც-კი დაიყურაო.
ის რა კაცია, ვინც ჩემთვის
სიცოცხლე შეიშურაო!
მე მომკლა, შენ კი იცმუკო,
იძახო: „ურა-ურაო!“
თამრიკომ თავი დაჰკიდა,
ცრემლით აევსო თვალები.
ფიქრობდა: ია არ სტყუის,
მართლაა შესაბრალები.
თ ა მ რ ი კ ო
მაშ წავალ, დედასა ვკითხავ,
ის როგორს მომცემს რჩევასა.
გაიქცა, იმავ წამშია
თამრომ მიჰმართა დედასა.
უამბო ყოველიფერი
გაგონილი და ნახული –
დადობილების სურვილი,
იისგან გამოსახული.
„ძალიან კარგი იქნება“, –
დედამ დაუცა დასტური, –
„დადობილება სჯობია,
მოსწყვიტო, რაა საშური?
ერთს დღეს თუ ისიამოვნებ,
მეორეს მჭკნარი დაგხვდება,
ბოლოს დაიწყებ ნანვასა,
თან სიავკაცეც შაგრჩება“.
მას აქეთია თამრიკო
სულ იის გვერდით ყუნთია.
იას ხან თავშალს მოახვევს,
ხან დააფარა ქუდია,
რომ ააცილოს ბოროტი,
არა შეემთხვეს ცუდია.
იაც უამბობს ზღაპრებსა,
სიტყვა არ უთქვამს მრუდია.
ზაფხულს სამოთხედ უხატავს,
ზამთარს-კი ჯოჯოხეთადა,
ერთსა მეორის ნაღველად,
მოუთავსებლად ერთადა.
ყვავილებისა ტრფიალზე,
შხამა ბალახის წყევასა,
უამბობს თავის დობილსა.
შესტრფის ალვის ხის რხევასა,
ჟუჟუნა წვიმის წკაპწკაპსა,
საამოდ ჩამოდენასა.
ტიკტიკებს ია ყრმასავით,
ტკბილად აუბნებს ენასა.
ყურს უგდებს ჩირგვი ჭინჭარი,
ათასწლოვანი მუხები,
ჩაიუბნებენ თავისთვის:
„ლაზღაობს გასაფუჭები.
ბალღია, გამოუცდელი,
ეხალისება ტიკტიკი“.
ამ დროს მერცხალიც მოფრინდა,
გაზაფხულისა შიკრიკი.
ბევრის საუბრით დაღლილმა
თავი დაჰკიდა მთხრობელმა
და მიიხუტა მძინარე
ია გულ-მკერდზე მშობელმა.
ბევრი უძახა თამრიკომ:
„გაიღვიძეო!“ იასა,
ვერ შეასმინა ვერა რა
თავის დას პირი-მზიანსა.
თავადაც ძილმა დასძლია
და მიეძინა ღვთიანსა.
იმათ რომ ტკბილად ეძინათ,
ბუნებამ ფერი იცვალა:
რაც ტანზე კონკები ეცვა,
ახალზე გამოიცვალა,
მწვანის ფოთლებით შეიმკო,
აყვავდა წითლად-ყვითლადა,
ცა, დედამიწა, ცხოველნი
შეზავდა ყველა ტკბილადა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა