პოეზია
პირიმზე
მღერით პირიმზე
მოვიდა კლდეზე.
ნაზი ფოთლები
გაშალა მზეზე.
ყვავილთ ასტეხეს,
რა იგი ნახეს,
ჩურჩურ-კურკური:
„შეჰხედე, ქალო,
უცქირე, რძალო,
რა ლამაზია,
როგორ ნაზია
სარო ტანისა,
ტურფა სახისა
ეგ ყელ-ყარყარა!
ყველამ იმის წინ
თავი დახარა.
შვილმა დედასა
და დედამ შვილსა
პირიმზის მოსვლა
ყვავილებს შლილსა
გაღმა ახარა“.
ამის გამგონემ
კლდით მომდინარემ
ცივმა წყარომა
სული განაბა.
აღელვებს მასა
ყვავილებისა
დავი-დარაბა;
და ოხვრა-კვნესით,
გულს ნაღვლის ლესით,
სთქვა მან გულ-მკვდარმა:
„რატომ ჩემს კიდეს
იმ დალოცვილ ღმერთს
არ მოსწადინდეს,
პირიმზეები
რომ ამოვიდეს?
იმიტომ არა,
გული მომიკვდეს?!
დავდნე ეშხითა
შორით მზერითა?!
იმიტომ განა,
რომ ცრემლი ვღვარო,
ტრფობით ხელ-ქმნილმა
დღე გავიმწარო?
და ამ ცრემლითა
გადიდდეს წყარო,
ბევრს ცხოველს ვარგო
და გავახარო?!“
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა