პოეზია
პასუხი ბაჩანას
(მისი ლექსის გამო)
მაშინ კარგია კაი ყმა,
რო დილა-ბინდზე დგებოდეს,
იცვამდეს გრილსა რკინასა,
„ომს ვიზამ“, იმუქრებოდეს.
ლურჯაი ჰხრავდეს ლაგამსა,
წაღმა-უკუღმა დგებოდეს.
იხარჯებოდეს კაი ყმა,
ფარი ოხრადა რჩებოდეს.
ხ ა ლ ხ უ რ ი
რა ფრიად დავღონებულვარ!
ცრემლი მადგება თვალებში,
მუხლთ მეკვეთება, ვმუნჯდები,
სიდამბლე მომდის მკლავებში:
ყორნის ყრანტალად ქცეულა
ბულბულის სტვენა ჭალებში;
გულსა და გონებას მირევს
ავად ბუნების თარეში,
კარგისა შეცვლა ავზედა
ამ ჩვენს სამშობლო მხარეში.
მიკივის: „გაიგონეო,
მზეს უმზეობა სჯობია;
კაი ყმა, ვინც უნდა იყოს,
ბრიყვი და დასაგმობია!“
რა უნდა ვუთხრა მე იმას,
ვინც ასეთს ფიქრსა ჩვეულა?!
როგორ მწყინს, კაი ფანდური
შუაზე გადამტვრეულა!
რა ცუდი საქმე მომხდარა,
იგიმცა წამი წყეულა!
უმსგავსობაა: კეთილი
ბოროტისაგან ძლეულა.
გული მიკვდება, თვალთაგან
მდუღარე გადმონთხეულა.
მუხავ¹, უთხარი შენს მგოსანს,
ასწიე მკლავი გმირისა!
რად მოგდგომია საჭრელად
ცულით, გამტეხი პირისა?
შენს კაი ყმობას დასცინის
საჯაროდ მთქმელი ძვირისა,
გუშინ რომ გუნდრუკს გიკმევდა,
დღეს შენს მოკვლასა ჰკივისა.
თუ არ ჰგრძნობს უსამართლობას,
სატრფიალო ხარ იმისა?
შენ უპასუხე, მუხავ, შენ,
მე მეტს ვერ ვეტყვი ვერასა,
მტრობაში ჩამომართმევენ
და დამიგმობენ წერასა.
ძალით ან ხვეწნით, ცხადია,
ვის მოვაწონებ მღერასა?
მხოლოდ კაი ყმებს ვუსურვებ
უხვად სამშობლო კერასა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა