პოეზია
პასუხი არყისა
(ვუძღვნი თ. რაზიკაშვილს)
რა გითხრა, ბიჭო, ისეთი,
არ გავაჯავრო მსმენელი?
ის მასაზრდოვებს, რომ დიდის
ტრფობის ჭირის ვარ მთმენელი,
გულში რომ ცეცხლად მიღვივის
სიცოცხლის გამომცემელი.
კლდეზე ვარ დაფუძნებული,
იგია ჩემი მრჩენელი.
ეს გიკვირს? ტყუილად გიკვირს:
უშრეტს მაწოვებს ნექტარსა,
საით ჰპოულობს, ვინ ჰკითხავს,
მე ვენაცვალე დედასა!
უეჭველია, საერთო
ცისა და მიწის ძალითა,
რასაც მე, კლდისვე აღზრდილი,
ბევრს ვერა ვხედავ თვალითა,
და იქნებ კიდეც ვივსები
მე იმის ცოდვა-ბრალითა?!
არც როდის გამიგონია
მის სამდურავი ყურითა…
ქვეიდან დიდი ჭანდრები
შემომყურებენ შურითა:
რად ვდგევარ იმათზე მაღლა
ასე ამაყის გულითა,
თუმც ხშირად შემურვილი ვარ
ნისლებ-ჯანღების მურითა,
ტან-მომცრო, გაბუებული,
მხოლოდ ძლიერი სულითა…
ბრაზობენ, მტკიცე რადა ვარ,
შეურყეველი რჯულითა.
იქნება კიდეც ნატრობენ,
რომ ვინმემ მომჭრას ცულითა?!
მე ვარდი გამიგონია –
ტურფა ყვავილი ბარისა,
თვალ-გულის მახარობელი
თურმე პირიმზეს ჰგავისა,
სხვაფრივ-კი ხელუყრელია
და არასა ჰრგებს არვისა.
ჩემი ბეჩავი ტოტებიც
მქნელი როდია ავისა!..
იმათგან ცოცხი იკვრება
კალოს საგველი, ხვავისა.
გაჰყიდის ვინმე ბეჩავი…
წვრილი ცოლ-შვილი ჰყავისა.
მოუტანს საზრდოს იმათა,
მხდელი მშობლურის ვალისა,
რომ გაალაღოს საწყლები,
ცრემლი შეუშროს თვალისა…
იუბენ ცხოველ-მყოფელად,
ძმა ამას გეტყვის თავისა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა