სიმღერა
პაპას ცოლ-შვილის გლოვა
კარგა არ გათენებულა,
ცისკარი ბჟუტავს ცაზედა.
ატირდა პაპაის ცოლი,
მოსთქვამს, ქვითინებს მწარედა:
– გოგო, სადა ხარ, ბიჭ-კუპრნო!
რად არ გამოხვალთ კარზედა?
დავიღუპენით, ბეჩავნო,
ცეცხლი გვედება თავზედა;
კარში გამოდით, დამწვრებო,
პირს რომ დააღებთ მზაზედა!..
ორნი საბძლიდან მორბიან, –
იქ წოლილიყვნენ ბზეშია, –
შინაით – თამრო, ჩონქარა,
დედას რო უწვნენ გვერდშია.
– დედავ, რა არი, რად სტირი? –
ორნი მოსძახენ აქითა.
სხვანი თმა-გაწეწილები
დედას წინ უდგან ჭრაქითა.
– დედა მოგიკვდათ, დამწვრებო,
თქვენი ნამდვილი გამზდელი;
მკვდარი ვიპოვნე ბაგაზე,
როცა შევანთე სანთელი.
მოგიკვდა ქიტოხელაი,
ბოსელშია წევს მკვდარია…
ძროხა, რა ძროხა, ვაიმე,
მთელის ხმელეთის დარია!
ფური, რა ფური, რამდენმა
ხვეწნით გვიცვალა ხარზედა.
თვალი ვინ გვივნო წყეულმა,
ცეცხლ-მოსადებმა თვალზედა!
ეს თქმა იყო და შეიქმნა
ხუთპირად გლოვა-ზარია,
ხელების ქნევა, თმის წეწა,
წარღვნისა შესადარია.
ხუთი წლის ბიჭი, ჩონქარა,
მეტადა სტირის სხვაზედა,
ხელსა ჰხვევს ქიტოხელასა
და თანა ჰკოცნის რქაზედა.
სოფელმაც ყური აცქვიტა
„ვაი“-ს ძახილის ხმაზედა…
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა