ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ორი გმირი

ფუნჩიმ¹ რო ცოლი შეირთო, ცოლიც ამასა ჰქვიანო. ღმერთო, აკურთხე ცოლ-ქმარი, არაფრით დააზიანო. ცოდვაა, თავზე ეხუროსთ, გვირგვინებს რადა ჰხდიანო?! რა კარგნი სანახავნია, რატომ არ დააცდიანო? ფუნჩი სამოცის წლისაა, პატარძალს თინა ჰქვიანო. მეტად ტურფაა… პირშია სამნი კბილანი სჩრიანო. მოკვდეს, რა მიწა დაიტევს, საით რას მიაყრიანო?! უმამულონი დავრჩებით, საფლავს სად გაუთხრიანო? ესაა ჩემი სადარდო, ცრემლებიც ჩამომდიანო. უფალო, შენ გევედრები, სიკვდილი გაუგვიანო, ეგებ ადგილი ვიყიდოთ, თუ ფასსაც დაგვაცდიანო. რაკი ტანს ვუქებთ თინასა, ცხვირიც შევუქოთ ბარეო. შევუქოთ სამკაულები, შემოხვეული გარეო. შევაქოთ, როგორც წესია, ცას გადმოსული მთვარეო. შევაქოთ ვაჟკაცობითაც, მუშტი ჰქონია ცხარეო. თინას ისეთი ცხვირი აქვს, არაგვს გასწვდება ხიდადა, ტანიც ხომ აუჭრელებავ ჩითებით წითელ-ყვითლადა. ფიცხობს და ქალობს ბებერი, ტრიალებს ჯარასავითა. ვუცქერი, გაშოტილია ყდათ² შუა გარასავითა³. ტაშსა სცემს, ცეკვავს მარდადა პატარას ქალასავითა. ფუნჩიაც კაი ბიჭია, ჩასხმულ-ჩასხმული, მკვრივია, მზად არის, თუ სადმე გაჩნდა მუშტაობა და კრივია. სტკბება დედოფლის სიტურფით, პირს ეფინება სხივია. უმშვენებს მოპარსულს პირსა ბიღ-ულვაშები მსხვილია. კარგად ვერ იცნობს საცოლეს, – თინა ახალი ხილია. ჯერ არ გაუკრავ ცოლს ქმრისთვის გაფხავებული კბილია. ცოლ-ქმრის ცხოვრება ამიტომ ამ ერთს კვირაში ტკბილია. ΙΙ ფუნჩიას მეზობლად ედგა ერთი დიაცი ხნიანი. ქვრივს საუბარი უყვარდა, თუმცა კი იყო ჭკვიანი. სახელად ნათელს⁴ ეძახდნენ, მუშტი იცოდა ძრიანი, აწიოკებდა ყველასა მანდილოსანი ფხიანი. თინაის დამეზობლებით შეფიქრდა ავი ზნიანი. ერთხელ თინა და ნათელი შეჰხვდნენ ერთმანეთს გზაშია. ხომ ვიცით, თინა ნათელსა არ მოსდიოდა ჭკვაშია. ამიტომ უთხრა ნათელმა თინას სიტყვები ცხარია, ისე კი გამოგვილანძღა, ვეღარ გაჰრეცხდა მტკვარია: „რა გექმრობოდა, ბეჩავო, არა გრცხვენიან თავისა? კბილები შენ აღარ გიდგა, თმა გაგცვივნია თავისა. მთელი ქვეყანა დაგცინის, თითით უღერენ შენზედა, რომ ეგრე ხელის აღება არ შეიძლება ღმერთზედა. ჰსცუნცრუკობ, ჰხარაკუდაობ ავარდნილს საქონივითა, უმსგავსს კუნკუხოს⁵ დაიქნევ ხუხუნათ საკომივითა⁶. ცალ ფეხი საფლავში გიდგა, შე ალ-ქაჯების ჯიშისა. სრულ არაფერი გცოდნია სირცხვილ-ნამუსის, შიშისა!“ – შენ ჩემსას ვინ გავაზირებს⁷, შე ავო, ავის ენისა. ჩემის თავისა მე ვიცი, სირცხვილ-ნამუსის ჩემისა. სხვებზე რო გაგიმარჯვებავ, თინაიც იმათ სწორია? – სთქვა და გადუხტა ნათელსა, დაევლო, როგორც ქორია. წამოაქცია ყელ-თავქვე, თავში წაუსვა ტორია. იმ ადგილიდამ სოფლამდე არც მაგრე რიგად შორია. ხმა გატყდა: ჩხუბად გახდაო, შაიძრა მთა და გორია. მოცვივდენ, დააშოშმინეს ეს მეომარია ორია. ბევრს გაუხარდა, ნათელი რომ გახდა გასაჭორია: „ეგ შაჰხვდა თავის საფერი, ეგ არის მაგის სწორია, მოიდა სეტყვა, წინ დაჰხვდა ლოდები, ქვა და ყორია“, ამბობდენ, ვისაც იმათი ბრძოლა კი გაუგონია. ΙΙΙ ეს გამარჯვება ცოლისა ფუნჯის დაუჯდა ძვირადა, უჩივლა თინას ნათელმა სუდიებთანა პირადა და ორი ძროხა დაადვა ნაცემის გასაპირადა. მოვიდენ გზირი, ნაცვლები, გააქვთ გირაოდ ქვაბები. აღარ გაწირეს სახლშია საჭმლის სასხმელად ჯამები. ფუნჯის ოჯახი აიკლეს, დაბრუნდა ცოდვა-ბრალიო. ამის მნახველსა ფუნჩისა გულზე ედება ალიო. აღელვდა ბოროტისაგან, ამოუდუღდა გულია და რამდენჯერმე უხსენა დედაკაცს მამის სულია. თან მუგუზალიც უცხუნა, შუბლზე დაატყო წყლულია. თინამაც შამაუტია, დაუდგა კერატივითა. შათათხა, შაუბოწიწკა⁸ ლეკების ბელადივითა. თინამ დასძლია ფუნჩისა, დაიდვა ბიღებიანი. მიბნიდა, მიამთელმკვდარა ავ-ზნე, ავთვისებიანი. თვითონ კი წარბსაც არ იხრის, ტრიალებს ჯარასავითა. შევსცქერი, გაშოტილია ყდათ შუა გარასავითა. [1890 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა