ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ომის წინ ჯარის სიმღერა

გული გავლესოთ გრძნობითა, საცაა დაჰკრავს ნაღარა; ერთი დავსძახოთ ქართულად, ხვალ არ გვეცლება, აღარა; ხვალ გვინდა ცემა მტრისადა, ხმლის ქნევა, ფარის ფარება, შავის, შავხალის ხანჯრისა მტრისად გულ-ღვიძლში ტარება, სისხლის სმა ღვინის მაგივრად, ცხენთა ფიცხელთა მალება. დაე, იტირონ დედათა შვილთა ლაშქარში წასვლაზე: ან ვისახელოთ, ან გავწყდეთ ომში პირველად ჩასვლაზე. იხილოს მიწამ მშობელმა: გული გვაქვს პაპათეული, სისხლი გვიფუის ძარღვებში, სისხლი ლაშქრობას ჩვეული, მკლავიც გვაქვს შამქორს ნაცადი, არა ვართ გამორჩეული!
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/2682.omis-tsin-jaris-simghera.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ომის წინ ჯარის სიმღერა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში