ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ობლების სიმღერა

ნიადაგ ვივლით კარი-კარს, ნიადაგ აგიტირდებით; მშიერ-ტიტველნი, ბეჩავნი ნიადაგ აგიბირდებით; უმწეო-უპატრონონი ნურავის გაგიკვირდებით! ფეხნი გვქონ ეკლით ნაშაშრნი, თმები გაგვბმია ბირკებით. კაცნი ვართ, თქვენი ჭირიმე, ნურავის გაგიკვირდებით! მამა ლაშქარში მოგვიკლეს, დედა ტყვედ წაიყვანესა, – წაგვართვეს ლეკის შვილებმა, დაღისტანს გადიყვანესა. გაგვიტიალეს სახლ-კარი: ბინად გვაქვს ტყე და ველია, საბნად ფოთოლი გვეხურვის, ლეიბად გვიგავ ლელია. ნურავის გაუკვირდება, ძმაო, ობლობა ძნელია!.. ვარამმა გული შეჭამა, ძალ-ღონე გამოგველია! არა ჩანს ჩვენი პატრონი, – ობლების დამფარველია. რად გაგვაჩინე, უფალო, თუ ამ დღეს მოვესწრობოდით, თუკი აღდგომას სხვასავით ჩვენაც ვერ დავესწრობოდით! სხვანი ჩაიცმენ ჭრელ-ჭრულსა, ვარდთავით აყოვდებიან, ჩვენ-კი ტიტველას ხორცზედა კბენრები აგვცოცდებიან. საზიზღარნი ვართ, რომ გვნახვენ, ყველანი მოგვშორდებიან. უბედურებამ მოგვასწრო, როგორაც ნისლმა წეროთა… არ ვიცით, სადღა წავიდეთ, ვის არე-მარე ვსთელოთა; ვინ შეგვიბრალებს, ვინ გვიშველს ბეჩავთ, ხმელთ ანწლის ღეროთა
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა