პოეზია
ნ–ს
აღარ ვენდობი,
არ ვემოყვრები
სიტყვათ ბოდვასა,
მყივანს გრძნობასა.
იმისი სახე,
პირველ რა ვნახე,
გულზედ დამაჩნდა,
ხატად გამაჩნდა.
„მყავს თანამგრძნობი,
მტარვალთა მგმობი“.
ამას ვამბობდი
და ვმხნევდებოდი.
დღეს რასა ვხედავ? –
თქმასაც ვერ ვბედავ.
არ მყვება გული,
რომ სიყვარული
ჩემის მეგობრის,
დღეს სხვის მეზობლის,
წყევლით გავსდევნო,
ქვები ვაჩვენო.
შევხვდი იმ დღესა,
აპარებს ხელსა
გლეხის ჯიბეში,
ბნელს ერთს ყურეში.
– „ნიკო, რას შვრები,
ნუთუ არ კრთები?!“ –
ვუთხარი მენა,
ძლივს დავძარ ენა.
– „შენა ხარ, ძმაო,
ვაი ჩემო თავო!“
სთქვა და გაყვითლდა,
[გა]შრა, გაფითრდა.
[ვ]სწყევდი ჩემს ბედსა,
გაჩენის დღესა:
„რატომ არ მოვკვდი,
ვიდრე მას ვსცნობდი!“
მან ესე მითხრა,
ამოიოხრა:
– „აი ცხოვრება,
იმან გონება,
გრძნობა დამილპო,
გული გამიპო!
მისი საქმეა,
ყველგან ასეა:
არა გაქვს პური,
სხვას მოსჭერ ყური!“
ამით გამართლდა,
სახით განათლდა.
მაგრამ ჩემს გულსა
მოტყუებულსა –
მოურჩენელი
დააჩნდა წყლული.
ვეძებ მალამოს,
რომ ის დ[აამოს].
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა