ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ნოე და ღვინო

საშინელებას ბოლო მოეღო, წაირღვნა სრულად მთელი ქვეყანა. ყოვლის წამწყმედმა მისმა ძალამა ვერ მიუწივა მხოლოდ მზესთანა. გუშინ შთანთქმულნი წყალთაგან მთანი დღეს ცოტ-ცოტობით თხემებს აჩენდენ, და ცით ვარსკვლავნი კვალად ქვეყანას მოწმენდილ ციდან სხივებს აფრქვევდენ, გემმა ნოესამ თავის ბარგითურ ურარტის მთაზე ჰპოვა სადგური; წყალმაც მოძებნა თვის კალაპოტი, რა აღასრულა ღვთის სამსახური. რას ჰხედავს ნოე? – ქვეყნად ჯოჯოხეთს, დაბა-სოფლებსა, ვერანად ქმნილსა. მადლი თუმც უთხრა ღმერთს, რომ გადაჰრჩა, მაინც ბოლო დროს მოჰყვა ჩივილსა: „რა სიცოცხლეა, თუ თვის შვილთ გარდა, ქვეყნად ვერ ჰნახავს ვისმე სხვის შვილსა, რომ მის სიცოცხლე სხვამაც იცოდეს, მისი სიკვდილი სხვამაც გაიგოს?! რის მაქნისია, თუნდ სიმარტოვით, მსოფლიოს ფლობით ბევრიც რომ ირგოს?!“ ათავისუფლებს ფრინველთ და ცხოველთ, რათა აღავსონ იმათ ბუნება. „გამრავლდით, ვითა ქვიშა ზღვაშია!“ ყველა სულდგმულსა ის ეუბნება. თითონ ცოლ-შვილით ფერდობს ჩამოჰყვა და მთისა ძირში ვაზნარი ჰპოვა. ესიამოვნა მამათ-მთავარსა და დაუტევა იმიერ გლოვა. აჩენს შლამიდამ რქა-გრეხილს ვაზებს, თან შემწეობა მეუფეს სთხოვა, რომ აეყვავა კვალად ვაზნარი, უნუნუაოდ არ დაეტოვა. რთვლობა მოვიდა… ზვარს ძლიერ ესხა, თვითეულს მტევანს ვერ ასწევს კაცი. დაწურა ნავში, ავსებს ქვევრებსა, ჩვეულებისებრ თან დაკლა ვაცი. არ გაუცრუვდა ნოეს იმედი და შვიდ დღეს უკან ჭაშნიკიც ნახა. შესწირა უფალს დიდი მადლობა, რომ გაისველა კვლავ ღვინით ხახა. „ეჰ, ღვინოვ, ღვინოვ, გულის სალბუნო“, მამათ-მთავარმა თან შემოსძახა… თასს თასი მოჰყვა… ეგემრიელა ღვინო შუშხუნა, ახალ-პირული; ის დაავიწყდა, თუ ღვინის ძალით რყევას უწყებდა ტანი გმირული. რად გინდათ გითხრათ, რაც შემდეგ მოხდა, ან რით გათავდა მისი ქეიფი, ვინ რასა ფიქრობს მის შვილთაგანი, ან რასა შვრება საბან-ლეიბი?!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა