ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ნეტავი შენა, მერცხალო

ნეტავი შენა, მერცხალო! ტკბილად უმღერი ბარტყებსა, ასხურებ სიცოცხლის მადლსა ჯერ უსუსურებს, საწყლებსა. დაიზრდებიან შენფერნი, დაჰმღერენ შენსა ჰანგებსა; წახვალ, თან წამოგყვებიან იმ ინდოეთის არესა; მოხვალ, მოგდევენ უკანა თავის სამშობლო მხარესა; ღვაწლს გიფასებენ მშობელსა და არ გითხრიან თვალებსა. მე რა ვქნა? ვზარდე ბარტყები, – ბალღამს მასმევენ მწარესა და მიბნელებენ ძალადა ორსვე – მზესა და მთვარესა; გარეთ მაგდებენ ყინვაში და მიკეტავენ კარებსა; პურის მაგივრად ქვას მძღვნიან, ჯაჭვით მიბოჭვენ მკლავებსა, ხორცს სხვას აჭმევენ, გამოხრულს მე მომიყრიან ძვალებსა.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ნეტავი შენა, მერცხალო | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში