ვაჟა-ფშაველა
პოემა
1905

ნახევარ-წიწილა

(ხალხური ზღაპარი) I დიდი ოჯახი მამლისა გაატიალეს ქორებმა, ძვალები ძაღლებმა კვნიტეს, ბუმბული წეწეს ღორებმა. მამა-პაპათა კერაზე დარჩა ნახევარ-წიწილა; მის სამემკვიდრო რაც იყო, ქვეყანამ გაიწინწილა. აღარსად პური გოდორში, აღარც ჩანახჩი ლობიო, აღარსად ადამიანი წიწილის ყოფნის მცნობიო, ვინ ეტყვის ობოლ-ოხერსა: ჩემთან სადილად მოდიო!.. მაინც წიწილა არ ჰკრთება, შავს ბედს უტყდება როდიო! დრონი წავლენ და წამოვლენ, ფერს იცვლის ყველაფერია, საწყალს აკმავებს უფალი, ტანჯვა მდიდრების ჯერია. ძველების კარაბადინში სწორედ ეს ასე სწერია: მტრობისა ნაყოფს ის გემობს, ვინაც სიმართლის მტერია, თუ არა უფლის წყალობით – არ ცხვება ობლის კვერია… დაობლებულსა წიწილას ემტერებოდა ძერია. ამაოდ. ჩვენმა წიწილამ მტერი, მოკეთე გაიგო, საცა ტყეა და შამბია – ყველგან სახ-კარი აიგო. ქექვა ისწავლა მიწისა, ჭია-ღუვებსა შოვობდა, აღარ აწუხებს სიმშილი, საკმაოდ საზრდოს პოვობდა. ობლობამ ცოტა დაჩაგრა, დაუცოტავა ტანია, (ობლობას, ბეჩაობასა მუდამ მჭლეობა სტანია). კისერი ჰქონდა ტიტველი, ბეწვი არ ეკრა ფაშვზედა, ორი თუ სამი ბუსუსი ამოსჩენია თავზედა. თვალს ავლებს აქეთ-იქითა, როცა გამოვა კარზედა. მხრებზედა თხელი ბუმბული, ბოლოდ კი – ერთი ღერია. პაიჭიანი ფეხები მის შესაფერად მჭრელია. დიდს აურ-ზაურს ასტეხავს, თუ ვინმემ ახლო ხელია. არა კადრულობს ბრიყვს ქცევას ჭია-ღუების მტერია. ნისკარტი კოდალას უგავ, მოშავფრო, გიშრის ფერია. ქვასაც კი ჩაჰკრავს ზოგჯერა, სცდის, იქნებ გემრიელია. კუჭი, წინ გადმოგდებული, დარბაისელის შნოს სდებდა და მუდამ იმას ფიქრობდა, რითაც თავს პატივსა სცემდა. თავი აქვს კარგა მოზრდილი, არც მაგრე ცარიელია. მომავალზედაც ფიქრობდა ეს ჩვენი ტარიელია. უადვილებდა ცხოვრებას ზაფხულის სითბო, ქველობა, არ რჩება უნაყოფოდა ობლის წიწილის ხელობა, თვალი ყოველმხრივ ეჭირა საზრდოს მძებნელი ფხიზლადა, ცისკენაც იცქირებოდა, იყო მუდამ ჟამს ფრთხილადა, შიშობდა არ გამხდარიყო ქორის ან ორბის წილადა: რა შენიშნავდა თავის მტერს დაბლა ან მაღლა ცაშია, წიწილა დაუყონებლივ შეიჭრებოდა შამბშია. სიცოცხლე ძალიან უყვარს, მუდამ მისი აქვს შიშია: არ გაწყდეს, არ დაილიოს ქვეყნად ქათმების ჯიშია. გადივლის ავი ღრუბელი, – გამოდის, შრომას დაიწყებს; რაც შიშით ლეში მოადნა, ლაღის ცხოვრებით შაივსებს. ჩხიკვი სტანჯავდა ძალიან – ეზოში შემოჩვეული, ხან ქორად მოეჩვენება, ხან შევარდენად, წყეული, მუდამ დღე ხიფათს უგდებდა, იმისთვის გამოსეული. უთვალთვალებდა წიწილას ბუჩქნარიანის ტყიდანა, როცა ნახავდა, რომ იმას ჭია მიჰქონდა პირთანა, ჩამოუტევდა ქორივით… წიწილა შამბში ძვრებოდა, ჩხიკვი კი იმის სუფრაზე არხეინადა ძღებოდა. II ერთხელ ნაგავსა ჰქაქავდა ჩვეულებრივად წიწილა, იპოვნა ფეტვის მარცვალი, უბრჭყვიალებდა ცხვირ-წინა. იამა ფრიად წიწილას, ცას დაეწია ლხენითა, აგორებს, აკოტრიალებს, მარცვალს ნისკარტით, ფეხითა. საჭმელად ვერ გაიმეტა, სთქვა: „ეს, იქნება, ბედია, რა გამიხდება შევჭამო, მოდი, დავთესო ერთია!“ თაგვებს შეაბამს გუთანში, გადააშავა ველები; ხნულისა მოსავალისა თაგვებივეა მცველები. უხარის: ფეტვი მოვიდა ლამაზი მეტის-მეტია, მნახველს წიწილის ფეტვისას ესხმის თავ-ბრუ და რეტია, „ჩაიქცა ეგ ოჯახ-ქორი!“ მნახველნი ამას ამბობენ; ნაღალურს ერთის მარცვლისას ას კოდზე მეტსა საზრობენ. გახარებული წიწილა იჭიმებოდა წელშია, აღარ კადრულობს წივწივსა, ბოხვად ყიჭყიჭებს ყელშია, დღეს სხვაზე მეტობას ჩემობს, გუშინ სათვლელი მკვდრებშია, მედიდურობა დაეტყო სწორედ მეფური ფერშია. მაგრამა ბედი მუხთალი მას დიდხანს როდი სწყალობდა, ისევ ტანჯვაში ჩავარდა, როგორც აქამდე წვალობდა. ბედი, ერთბაშად ნაპოვნი, გაქრა, როგორაც ეწვია, ქურდულად ხელით გაუსხლტა და არც კი შაიხვეწია: ერთს დღესა ბატონის ჯოგმა გაუტიალა ფეტვია, დალია, კალოდ გაიღო, აღარ დატოვა ბეწვია. ტირის ნახევარ-წიწილა, ცრემლი ჩამოსდის ღვარადა, ჰფიქრობს, წავიდეს, შასჩივლოს, ბატონს მიუხდეს კარადა. დამფასებლები წაასხა, შეადგენინა ოქმია, უნდა ედაოს ბატონსა, გამოუცხადოს ომია. ყველას შასჩივის თავის დარდს, ვისაც კი გზაში შაჰხვდება, თან დაუმატებს: „წიწილა, ჰნახავთ, მტერს როგორ დაჰხვდება!“ ის როდი იცის წიწილამ, ნანატრი როგორ ახდება, ამბობს: „მაშ მოკვდეს წიწილა, ცოცხალმა ნუღარ იაროს, თუ ზარალისთვის ბატონი მანაც არ დააზიანოს“. არცა ჰსურს, შურის-ძიება რომ დიდხანს დააგვიანოს… III ჯავრისა ამოსაყრელად ათას ღონესა ღონობდა, რით დაეღონა ბატონი, დღე-მუდამ იმას გონობდა. ერთხელ იფიქრა წიწილამ – დაეწვა ავი ბატონი, საწყალმა ამის გულისთვის შრომა გასწია რამტონი! ნაღვერდლებს ჰზიდავს ნისკარტით ბატონის დასაწველადა, მოასწრობს წვიმა გზაშია და ცეცხლს ჩაუქრობს ხელადა, მტერს ვერაფერს ჰვნებს, თავის თავს იგი უხდება მტერადა, ტყუილად იწვავს ნისკარტსა, საქმე მიუდის ცერადა. ბოლოს ხვეწნაზე დამყარდა, ბატონთან მიდის არზითა, თუ სრულად არა, ცოტას ხომ მიიღებს თავის აზრითა. მივიდა, დადგა ეზოში, დაყრდნობილია ჯოხზედა, უცდის ბატონის გამოსვლას – სამართალს თავის დროზედა. მოდის როდისა ბატონიც, გამოჩნდა თვალთა ბრიალით: „რას დაწანწალებ, წიწილავ, რისთვის მაწუხებ ღრიალით?“
1 / 5
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/