ვაჟა-ფშაველა
პოემა
1900

ნანგრევთა შორის

(მონადირის ნაამბობი) I მთას ვინადირე… დავბრუნდი, მთის ძირს მივდევდი ჭალასა, მეჩქარებოდა შინ მისვლა, მუხლებს ვატანდი ძალასა პირია გაზაფხულისა: ჩირთიც ახალი, მწვანეცა; შიშს რა გაავლევს ჩემს გულში, დღეც ტყეში ვცხოვრობ, ღამეცა. მხოლოდ ამ ადგილს არა დროს მე არ გამევლო ღამითა, და რაც მე იქ მოვიხილე – გავოცებულვარ ამითა! ანდით მოვდივარ ტყე და ტყე და ვეგანები ბინასა… ყურს ვუგდებ გულის საკლავსა კაცის კვნესას და გმინვასა. ყატყატი მესმის თანაცა: კივილ-ჭყივილი საზარი, ომია გაცხარებული, ცის ჩამოქცევის სადარი. ყოველ მხრივ ხალხი ყაყანებს, ზოგნი უხმობენ შორითა… „მოგვეშველენით, კაცებო!“ ძახილი მოდის გორითა; თან თქაფა-თქუფი… ცხენები გზას მოარღვევენ ტორითა. ახლა ჩემს წინა ქართულად დაივაგლახა ვინამა: „ვაჰმე, ცხენს ფეხი მამიტყდა!..“ ის ანუგეშა წინამა: – „არა უშავ-რა, წავიდეთ ახლა ქვეითად, ხმლებითა, ბალღებს გვიჭრიან თავებსა, რა უპატრონოდ ვწყდებითა! – ღმერთი გრისხავდეს, ელიოზ, რომ უმწეონი ვრჩებითა!“ სხვა კივის კიდევ ქართულად «დიაკვნის გვერდის» ციხითა: „გაისარჯენით, ბიჭებო!“ მედგრად და დიდის რიხითა. სხვა მოსთქვამს: „ხმალი გამიტყდა, მათხოვეთ ვინმე, ძმობასა!“ ჩემს გადანახადს ვინ იხდის, ან ჩემს მაშინდელს ყოფასა?! შიშმა შამიპყრო მაშინ კი, ვსთქვი: „დავიხელთო¹ იქნება, რა მელანდება, რა არი, საით რა მომევლინება?“ ვლოცულობ, ვიწერ პირჯვარსა, მივალ, არ ვიხევ უკანა. ან სად გავიქცე, რომ შფოთი არ ცხრება, ისმის ყველგანა. თუმცა კი კაცი ჭაჭნადა არ მინახია სწორედა, – არც სულიერი სხვა რამა… ნანგრევები დგა ყორედა. ქვების მეტს ვერაფერს ვხედავ ამ ბნელს, უკუნეთს ღამეში; მაინც ვერავის ვნახავდი, თუნდაც რო მევლო მთვარეში. ხმა-ჭკვა გარკვევით მესმოდა, გაბნეულიყო ჰაერში. კიდევაც ყურებში მიდგა ხმა, გრგვინავს ვინმე კაცია: „ბიჭებო, ციხეს უშველეთ, ეგეც მტერს წარუტაცია!“ საკვირვლად საკვირველება ამ ნანგრევთ შაუნახია. ნეტავი მაშინ მენახოს კაცის ერთისა სახია. ბოლოს სამ კვნესა გაისმა, გლოვის წკარუნი ზარისა და დიდი ოხვრა ამოხდა დაბლაით მიწა-მყარისა. შავშინებულვარ ძალიან, ვეღარა ვძრავდი ბაგესა. გულში ვლოცულობ, ვევედრი ამ არე-მარის გამგესა. შავთხოვდი: ჭკვიდამ ნუ შამშლის, ნუ გამიმწარებს ყოფასა, ნუ დაანანებს დედა-ჩემს ბედკრულის შვილის შობასა. II ბინაზე მიველ… ყველანი გაოცებულნი მსინჯავდნენ. – რა დაგმართნია, რა არი? ამხანაგები მკითხავდნენ. ვუამბე ცოდვა-ჭირითა ნახული, განაგონარი. თან დავუმატე: ყველა ეს იყო დევების ონარი!.. თავებს იქნევდნენ: „არაო“, და მიამბობდნენ მრავალსა, რომ ყველას ეს ემართება ღამით ამ ადგილს მავალსა: იგივ ხმა, იგივ ძახილი, იგივ ქართული სიტყვები… ზოგს თითონ მომაგონებდნენ ჩვენი მეძროხე ბიჭები: – ამასაც გაიგონებდი, ამ და იმ კილოთ ნათქვამსა! ისინი უკეთ ამბობდნენ ჩემს მოხილებულს ამბავსა. თავზედაც გადაჰხედოდათ ეს ამბავი და შფოთია, – ყველასთვის არი უკვდავად, მარტო ერთისთვის როდია! მხოლოდ-კი ქართველი იყოს, არ იყოს უცხოს ტომისა, ყველასაც მოეჩვენება სახე გრგვინვის და ომისა. თვით ნანგრევების ამბავი სთქვა თანდილაანთ ხუტამა: „მინამ ქვეყანა არსებობს, ამ ამბავს ჰნახვენ მუდამა. ნუ იტყვით – ბოროტნი იყვნენ, კეთილნი სულნი არიან. ამისთვის ფიცი რად გვინდა, მე კარგად ვიცი ძალიან. მეც თითონა ვარ მნახველი, და სხვა ათასი, მაგისა, მაგრამ დღეს-აქამომდისა არა წაუხდა არვისა. არც ვინ შაცვლილა ჭკვიდამა, არც ვის მაჰშლია ცხოვრება, ჯანზედაც კარგად არიან, უკეთესი აქვთ გონება. მაგ ნანგრევებზე თქმულება ძველთაგან გამიგონია, გიამბობთ, რამდენადაც-კი შამწევს ძალი და ღონია. III „მანდ, დღეს რომ ყორეებს ვხედავთ, – ციხე-კოშკების ნანგრევთა – დარბაზთა, ეკლესიათა ჩაშლილ-მოშლილთა რამდენთა, ძველს დროს ქალაქი ყოფილა მტერ-შეუვალი, მაგარი, ცხოვნეთად სახელდებული, სწორედ სამოთხის სადარი. ხომ იცით, ძველად ჩვენს მხარეს მრავალი მტერი ჰყოლია, ეხლაც ბევრი ჰყავ, მაგრამა ქვა და ლოდებსა ჰსტოლია. დრო თუ დაუდგათ, კიდევაც გადმოჰყუდებენ ყურებსა, კიდევაც დაგვიქროლებენ, აიშფოთებენ გულებსა. დიაღ, სწვევია ჩვენს მხარეს ძველს დროში ურუმთ ლაშქარი, აუმტუტებავ ქვეყანა, – ციხე-კოშკები რაც არი, არ გაუშვია არსადა დაუქცეველი საყდარი. ბოლოს მოსულან ამ ადგილს, საცა დღეს გვესმის კიჟინა ღამით და აბჯრის ჩხარუნი, ვინ უკან მირბის, ვინ წინა… „ელიოზ, ღმერთი გრისხავდეს!“ – ყველა ერთ-პირად იძახის, იმასაც გეტყვით ბოლოსა, ეს ელიოზი ვინც არის. თავს დასცემია ცხოვნეთსა ზღვასავით თათრის ჯარია, ძალიან ცდილა ურჯულო, ქალაქს გარშემო მდგარია, აეღო ცხოვნეთ-ქალაქი, შაეღო ციხის კარია. მაგრამ ძალი და ხრიკები, ჰხედვენ, ამაო არია. გამოსჩენია ურჯულოს მეშვლად ცხოვნელი, წყეული, არავინ იცის, რა რჯულის, ჩვენში სით გამორეული. ეს კი იციან, სულ-კრულსა რომ ელიოზი ჰრქმევია. თათრები გაულაღებავ, ცხოვნეთი დაუქცევია: გზა უსწავლებავ მტრისადა ერთს ბნელს, უკუნეთს ღამეში… თითონ დიდობა მიუღავ იმავ თათრების მხარეში. იმ ცოდვა-ბრალის სურათი,
1 / 2
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/