პოეზია
ნადირთა პატრონი
– ირმებსა იალაღზედა,
არ გაგიგია, რა ექნათ?
ძნა-თივა ჩემი ერთიან
რქითა და ფეხით გაექნათ!
ეჩხვერათ, ებუღრანავათ,
მემრე ნავარდი შაექნათ!
– რად არ გაუდეგ, თოფითა
სრულ არ გასწყვიტე წყეულნი?
– გავუდეგ, მაგრამ ამაოდ:
შორს წასულიყვნენ გრძნეულნი.
თანაც ჯანღები ჩამოწვა,
კუპრივით შავად ფუოდა:
დღე დღესა ჰგვანდა აღარა,
თავის თავთანა ტყუოდა,
მით ჩემს ირმების დევნასა
ამინდი არა ჰგუობდა.
– მაშ შაჰრჩათ ირმებს ქეიფი
შენის ძნითა და თივითა?
– შაჰრჩათ და იმათ ქეიფსა
ჩვენ ტყუილადა ვჩივითა.
თავს როდი დავანებებდი,
ერთ კვირას დევნა მეწადა,
მაგრამ ნადირთა პატრონი
აშკარად გამომეცხადა.
წაქცეულს წიფელზე იჯდა,
ათამაშებდა ფეხებსა,
იმისი სიტყვა-პასუხი
ჰგავ ელვას დანაკვესებსა.
არა სციოდა ფეხებზე,
როგორც იმ წიფლის ფესვებსა,
თუმც არაფერი არ ეცვა;
წითელ ვარდივით ჰღვიოდა.
გამწყრალი, გარისხებული,
შავარდენივით ჰკიოდა,
და ეტყობოდა, ჩემ გამო
ძალიან გული სტკიოდა.
თავზე ეხურა გვირგვინი, –
ია და ვარდი სცვიოდა, –
სულ უცხო ყვავილებისა,
მხოლოდ სამოთხეს შლილისა.
ქალს ხელში ჯოხი ეჭირა
მოქნილი, სწორი თხილისა.
ისეთი იყო გოგონა,
როგორც ცისკარი დილისა;
ჯერაც მარჭვია ისარი,
გულში ნასროლი იმისა:
„რას მისდევ, რასა, ძმობილო,
ირმებს? დაჰბრუნდე სჯობია.
წადი, შინ წადი, მისმინე,
უვნები, კარგა მყოფია.
შენვე არ მოგხვდეს, ბედ-კრულო,
შენი ხირიმი თოფია.
წადი, დაბრუნდი, მიჰხედე
იმ შენს საოხრო სარჩოსა.
ხუმრობა საქმე როდია,
იქით რამ დაიხარჯოსა.
შენი ამაგი ამაგობს,
სხვისა კი ჩალა-ბუჩია?
შენთვის ვასუქე ირმები,
ვაძოვე ლელი, ქუჩია?
რამდენჯერ თქვენგან დამთხვრები
ერთადვე მოვაქუჩია!
იმათ მფარველად დღედაღამ
მე ვყევარ ციხე-ბურჯია.
რაც იმათ ვნება მოელის,
წინ-წინ მე მწვდება ყურშია.
ისე არიან ჩემთვისა,
ვით შვილი დედის გულშია.
ირმის მოკვლაზე შენი ცდა
ამიერიდან ფუჭია.
შენ ის იკმავე, ძმობილო,
რაც მოჰკალ, კიდეც შაირგე.
ირმებს პატრონი ჰყოლია,
ხომ ჰხედავ, კარგა გაიგე!
შენი რაღაცა ათი ძნა
არც კი ღირს დასაფასადა,
ჩემი კი შენზე ამაგი
მეტია ასჯერ ასადა.
შენ ოცი მოჰკალ ირემი,
ჩემის თვალ-გულის ამაგი; –
თავად მე მოგაკვლეინე,
რამდენჯერ ესე ალაგი
მოჰსვარე ირმის სისხლითა!
მთხოვდი, მეც მეცოდებოდი:
დილიდან საღამომდინა
მშიერა ეხეტებოდი,
„მომაკვლეინე ირემი!“ –
ქუდ-მოხდით მეხვეწებოდი:
„სად ხარ, ადგილის დედაო,
მისმინე საწყალს მუდარა
ერთხელ, აი დღეს მხოლოდა!
შემდეგ ნუ მისმენ, ნუღარა!“
შენი ძნა-თივა ვიცოდი,
თავად მივყარე ირმები
ზედა. ჯერ მარტო იმიტომ,
დაღლილნი იყვნენ, მშივრები,
ვინაც შენ დაგიხოცია,
იმათი შვილიშვილები;
მეორეც მიტომ, გაგვეგო,
რა მადლობელი იქნები
ჩვენი ცოტა ხნის სტუმრობით,
ჩემი და ჩემის ჯოგისა.
მაკვირვებს კაცთა ნამუსი,
მომეტებულად ზოგისა!
ეხლა დავრწმუნდი, რომ შენა
მარტოკა ისა გნდომია,
რომ სხვამ გასვას და გაჭამოს,
ამოგიყოროს გომია.
„იხარეთ ჩემის ამაგით!“ –
ერთხელც არ წამოგცდომია;
თავის ღვაწლს დიდად აფასებ,
სხვისა არ გაგიზომია.
უჯიშოვ, როგორ ვერა სთქვი
ღვთის საამური ქართული?!
რად არ დაიხსენ გონება,
პირად რგებაში გართული;
არ დაიძახე თამამად:
ალალი იყოს თქვენთვისა,
რადგანაც ბევრჯელ, ირმებო,
თქვენაც გირგიათ ჩემთვისა!
და წაჰსულიყავ სახლშია
დამშვიდებული შენთვისა,
უფლება ნადირობისა
შენ გექნებოდა ყველთვისა.
ეხლა კი გითხოვ, სამუდმოდ
მოჰშორდე ტყეს და ჭალებსა,
ნადირის მოსაკლავადა
აქ ნუღარ ეძებ კვალებსა,
თორემ, იცოდე, დაგჩიჩქნი
ძირ-ფოჩიანად თვალებსა!“
მუხლთ მომეკვეთა, მაშინვე
დავბრუნდი პირჯვრის წერითა,
თოფს ვერ ვესროდი, ირემი
იქვე დაებათ რქებითა.
ისე შევკრთი და შევშინდი,
ნახულ-ნასმენის ამბითა,
რომ სულ იმ გოგონას ვხედავ,
როცა კი მძინავ ღამითა.
რა მომეჩვენა? რა ვნახე?
რამდენჯერ მივლავ ტყეშია,
ხამი ხომ არ ვარ, რამდენი
ირემი დამიჩეხია,
მაგგვარი არა მინახავ!
თავზე დამეცა მეხია.
ღმერთი გამიწყრეს, თუ კიდევ
მე ტყეში შევდგა ფეხია,
ნადირის მოსაკლავადა
ვიხმარო რამე ხერხია!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა