სიმღერა
მზევ, ნუ გაშინებს, ღრუბელი
მზევ, ნუ გაშინებს, ღრუბელი
მალ-მალ რო დაგეფარება.
შენ ნუ მოიშლი მზეობას,
შრომა ნუ დაგეზარება.
ვხედავ კარგადა, ჯანღი გმტრობს,
შენს სხივებსა ჰსვამს თავადა,
დღე მაინც დღეს ჰგავ ისევა,
ჯანღი გამხდარა ავადა:
ვერ გათბა მისი გულ-მკერდი,
ვერ იქცა ნათელ სხივადა,
ისევ ბნელია და შავი,
ცად მოტანტალე ცივადა.
თავსაცა სტანჯავს, ჩვენც გვტანჯავს
რეგვნულის მეტიჩრობითა.
ვერა გრძნობს, თავს აზარალებს
მზისა ხანდახან ჯობნითა.
მზე ისევ მზეა ცხოველი,
თავის მადლიან სხივითა.
ღრუბელი რჩება ღრუბლადა,
ბნელ სახით, გულით ცივითა.
არც თქვენ შეგრჩებათ ერთი დრო,
ვინაც ხმა-მაღლა ჰყივითა
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა