ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მზეწვია

(ვუძღვნი ლ. ბოცვაძეს) ბუდეს აკეთებს მზეწვია, ჰგრძნობს, გაზაფხულის პირია; სადაც კი ჩალა იპოვა, ან თუ ბეწვი და წკირია, ზედ ადებს სახლის კედლებსა; მის შრომა გასაკვირია. თან ჰლესავს თიხა-მიწითა, ტალახში უძევს ცხვირია, ნისკარტსა ხმარობს ქაფჩადა, – ნამდვილი ქაფჩა ძვირია, – ხელმოკლეობა ჩიტისა ან კი რა დასაყვირია! მუყაითია ბუდისა, რომ კვერცხი დადოს წყვილია: წუთისოფელი დედისა მხოლოდ შვილი და შვილია; დაზარდოს მზეწვიეები, სიმღერა უთხრას ტკბილია, ჩაჰხედოს ბარტყებს თვალებში, ფრთა დააფაროს თბილია; დაზარდოს, ოღომც დაზარდოს, ლაჩარი, თუნდა გმირია, რომ დიდს ბუნების ფერხულში იმათაც ედოსთ წილია, – შეამკონ თავის გალობით ტყე, მინდორ-ველი, თხრილია, სადაცა ხარობს წიფელი, მუხა, არყი და თხილია, მთა, მაღლით გადმომცქირალი, დაბლა ხეების ჩრდილია, ჟუჟუნა წვიმის კამკამი, ჰაერი ტურფა, გრილია, – ბუნების მკერდზე ჩიტთ მღერა ფას-დაუდები ღილია. შვილების მღერა როს ესმის, დედის სიცოცხლეც ტკბილია!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მზეწვია | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში