სიმღერა
მზე და ვარსკვლავები
ერთხელ ვარსკვლავთა კრებული
უხვ-სხივიანი ცაზედა
ასტყდა, აბორგვნდა, ჩიოდა…
უნდა იცოდეთ, რაზედა?
ყველა მზეს ემუქრებოდა,
მის დაბნელებას ნატრობდა:
როგორ თუ ყველა აქებსო,
ქვეყანა რადა ჰყვარობდა?!
„მოდი, შევიკრნეთ ფიცითა,
არ ამოვუშვათ ცაზედა,
თუ ამოჩნდება, ერთადა
ყველა დავესხათ თავზედა.
ხმლები ვცათ, შუბებით ვჩხვლიტოთ,
ჩვენ რით გვაჯობებს ცდაზედა?
ათი-ათასი გუნდი ვართ, –
გავაქრობთ იმავ წამზედა.
მერმე იდიდოს ზვიადი
ცისგნისი ქვეყანაზედა!
ჩვენ კაცნი არად გვაგდებენ,
ზეცის გულ-მკერდის ღილებსა,
არც-კი გვიცნობენ რანი ვართ,
ურიცხვს ბუნების შვილებსა;
არცავინ გვიქებს წვერ-ულვაშს,
არცავინ გვიქებს პირებსა.
ვისგან რა მოსათმენია,
არ გვიგონებდენ გმირებსა?!“
ΙΙ
ცა კაშკაშებდა, ბნელოდა,
მთვარეს ზღვის მკერდზე ეძინა…
მხოლოდ მოწმენდილს ცაზედა
ვარსკვლავთა გუნდი ეფინა.
მთვარეს შიკრიკი აახლეს,
მაგრამ ძალიან ეწყინა
ვარსკვლავთა უჯიათობა,
მათი შური და ფლიდობა.
შემოუთვალა: „დაწყნარდით,
ეგ როდი არის ბიჭობა:
ყველა დავჯერდეთ თავის ბედს,
ღვთისგან ნაბოძარს სახელსა,
თორემ, რომ ყველა მზედ ვიქცეთ,
უკეთურს ვიზამთ საქნელსა.
ყველა მზედ ვიქცეთ – ხომ დავწვით
ცა და ხმელეთის არეო, –
ტანჯვა-ვაებით შევმურეთ
ყოველი ქვეყნის მხარეო!..
ქებისა ნაცვლად მოგვიძღვნას
ხალხმა კრულვა და წყევაო.
მე არ გიდგევართ, არც მომწონს
თქვენი უგვარო რჩევაო“.
ვარსკვლავთ სთქვეს: „არც საჭიროა
მზის ქვეშევრდომის შველაო,
ნეტავ, რა ძლიერ თავს იდებს,
რა მაგისაგან ცხელაო?!
ნათელსაც მზისგან სესხულობს,
ცეცხლ-ჩამქრალი აქვს კერაო“.
ΙΙΙ
ჯერ ისევ უკუნეთია,
ჯერ კიდევაცა ბნელოდა…
მზეს უპირებენ დაღუპვას,
მას აღარავინ ჰშველოდა.
მთას იქით მოფარებულსა
კბილებს უღრეჭდენ ვარსკვლავნი:
„აღარ გაბედო ამოსვლა,
არ ვიყვნეთ შენი მნახავნი,
თორემ სულ მიწა-მტვრად გაქცევთ,
მზეო, იცოდე, ჩვენგანა
შენის საწყლობის მნახველი
განცვიფრდეს მთელი ქვეყანა“.
მზე გული-გულში იცინის,
მხარ-თეძოზედა მწოლარე,
ხმელეთის პირის ფარეში,
მთელის ბუნების მოლარე.
ვარსკვლავთ აბჯარი აისხეს,
ხელში აიღეს ხიშტები,
სულ კოხტა ვაჟკაცებია,
სულ თავ-მომწონე ბიჭები.
ზოგნი ზარბაზნებს მოუდგნენ
და მოუმზადეს ფალია,
აღმოსავლეთზე მიჯარდენ,
იქით უჭირავთ თვალია.
რა წამს მზე ამოჩნდებოდა,
თავზე დაესხათ წყალია,
და ჩამოეგდოთ მიწაზე
მზე სხივ-მიხდილი, მკვდარია.
ΙV
ერთხელ იყივლა მამალმა,
ღამე შეინძრა ცოტადა,
ახლა მეორედ იყივლა
განთიადისა მკობადა.
ვარსკვლავთა გუნდიც დაესხა
მზეს თავზე დასამხობადა…
გახშირდა მამლის ყივილი
დღე-ღამის გასაყოფადა..
რითაც გათავდა ეს ბრძოლა,
კარგად გავიგეთ ყველამა:
თავის ბუნაგი მოძებნა
გაწბილებულმა მელამა.
V
თენდება, მაინც თენდება.
აგერ ცისკარი დილისა;
მთის მწვერვალთ მიესალამა
პირველი სხივი იმისა.
ფრინველთ დაიწყეს გალობა,
ბალახმა შექმნა ბიბინი,
მზის მოსვლის შიკრიკი არის
დილის ნიავის სისინი.
გაწითლდა აღმოსავლეთი,
მოდის მზე… მოაქვს ნათელი.
პირველი სხივი დააკრა
იალბუზს, როგორც სანთელი.
იღვიძებს მთელი ქვეყანა,
აღიძრა ყველა სულდგმული;
სიამოვნებით ივსება
დილის მნახველის სულ-გული.
აღარსად სჩანან ვარსკვლავნი,
გამქრალან ცისა კიდითა;
სჩანს, რომ დამარცხდენ, გაწბილდენ,
ვეღარ ჩნდებიან შიშითა.
მას აქეთია მთიები
კრძალვა-სირცხვილით დნებიან,
ღამ-ღამ აბზენენ თვალებსა,
პატარძლებივით ჩნდებიან.
უცქერენ ციდან ქვეყანას,
მის სიტურფითა სტკბებიან.
ბოდიშს იხდიან თანაცა
მზესთან უსირცხვო ბრძოლაზე,
ზოგნი იმიტომ სირცხვილით
ჩამოცვივიან გორაზე.
მზე ისევ მზეობს დღესაცა,
ცხოველ-მცენარეთ ნუგეში;
თან დააქვს აურაცხველი
მადლი კალთა და უბეში.
ვარდს ის გაუხსნის გულ-მკერდსა,
ის ალამაზებს იასა,
ის აცმევს ძვირფას სამოსელს
მინდვრებს და ველებს ტყიანსა.
რით შაედრება უკუნი
დღეს მოვარვარეს, მზიანსა?!.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა